თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ერთწლიანი შესვენების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა დიდ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა. როგორც თავად ექსპრეზიდენტი ამბობს, ე.წ. კომფორტის ზონიდან გამოსვლისკენ მას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა უბიძგა.
მარგველაშვილი, რომელმაც თავის დროზე საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს “ მხარდაჭერით გაიმარჯვა, დღეს თავის ადგილს ოპოზიციის რიგებში ხედავს. თუმცა ეს მოულოდნელი არ არის, ვინაიდან ოპოზიციური განწყობა მარგველაშვილმა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მისი არჩევის შემდეგ მალევე გამოავლინა. თითქმის მთელი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში - 2013-2018 წლებში - მან მოსახლეობას მოქმედ ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციით დაამახსოვრა თავი.
რომ არა უგულავა...
აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლის, პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ალაპარაკდა.
უგულავას დაპატიმრების გამო ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაშალა. მან სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.
გიორგი მარგველაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და უგულავას დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებული, თავად უგულავას კი - პოლიტიკური პატიმარი უწოდა. მარგველაშვილმა მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას და აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებისა და ოპოზიციასთან კონსულტაციების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. მეტიც, ექსპრეზიდენტმა პოლიტიკაში დაბრუნებისკენ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც მოუწოდა. კვირიკაშვილი თანამდებობიდან მმართველ პარტიასთან და ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან უთანხმოების გამო წავიდა.
თბილისის ექს-მერი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართავს>>
„ჩემთვის პოლიტიკური პროცესის ლოკომოტივი არის ის პოლიტიკური გაერთიანება, ოპოზიციური მრგვალი მაგიდა, რომელიც ძალიან კარგად თანამშრომლობს ერთმანეთთან. დღეს ის არის პოლიტიკური პროცესის ცენტრი, ის უნდა შენარჩუნდეს და იმის გაძლიერებაა ჩემი მიზანი. თუ ვის ვესაუბრები, როგორ განვითარდება მოვლენები, მომავალში გეტყვით. არ მინდა, რომ მანამ ვთქვა, სანამ არ გავივლი კონსულტაციებს ჩემს მეგობრებთან“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
30-მდე პარტიის ოპოზიციური ერთობა მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტი ჩააგდო. სწორედ ოპოზიციურ სპექტრის გვერდით ხედავს თავის პოლიტიკურ მომავალს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი.
სად წავა მარგველაშვილი
რომელ პარტიაში შეიძლება აღმოჩნდეს მარგველაშვილი და ვისთან აწარმოებს კონსულტაციებს, ჯერ არ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ მეოთხე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების უმეტესობა ამჟამად ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელოს“ აქტიური წევრები არიან. ცნობილია ასევე, რომ მამუკა ხაზარაძის ახლო მეგობარია გიორგი კვირიკაშვილიც. პარტიაში კონსულტაციების ფაქტს ჯერ არ ადასტურებენ.
„ჩვენ ჯერ არანაირი კონსულტაცია არ გვაქვს გიორგი მარგველაშვილთან, მე მივესალმები მის მზაობას, რომ იგი შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. მინდა გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილი იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც უფლება და საშუალება არ მისცა ბიძინა ივანიშვილს, ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუცია იღლიის ქვეშ ამოედო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, მის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები“, - განაცხადა ხაზარაძემ.
პარტიაში არ მალავენ, რომ მარგველაშვილისა და „ლელოს“ პოზიციები და შეხედულებები ბევრ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა.
„შემიძლია სრულიად ცალსახად გითხრათ, რომ ამის თაობაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს „ლელოს“, გიორგი მარგველაშვილს ან გიორგი კვირიკაშვილს შორის, მაგრამ ასევე მინდა დაგიდასტუროთ, რომ არსებობს ზოგადი კეთილგანწყობა თითქმის სამიათწლეულის ერთობლივი საქმიანობა-ცხოვრებიდან და შემდგომ პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე... გიორგი მარგველაშვილს და გიორგი კვირიკაშვილსაც თავიანთი მკაფიო სამოქალაქო პოზიცია აქვთ, ეს პოზიცია უმეტეს შემთხვევაში და თითქმის ყოველთვის თანხვედრაშია ჩემს პოზიციასთან და „ლელოში“ ჩემი მეგობრების პოზიციასთან, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა ეს მათი გადასაწყვეტია“, - აღნიშნა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა ვიცესპიკერმა დავით უსუფაშვილმა.
მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას პოზიტიურად აფასებენ მისი პოტენციური პარტნიორები.
„თუ ბატონი მარგველაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, შეუერთდეს ამ ოპოზიციურ ერთობას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ჩვენ, „ევროპული საქართველო“, როგორც ერთ-ერთი სუბიექტი ამ მაგიდასთან, მხოლოდ მივესალმებით ამას“, - აღნიშნა საპარლამენტო ფრაქციის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა.
„რაც მეტი მრავალფეროვნება იქნება ქართულ პოლიტიკურ ველზე, ლანდშაფტზე, მით უკეთესი. ამომრჩეველი უფრო მარტივად, უკეთ შეძლებს ორიენტირებას, უკეთ გაგებას, ვინ ვინაა“, - ფიქრობს საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე ლევან კობერიძე.
პოლიტოლოგი: ოპოზიციამ უგულავას საქმე ხელისუფლებასთან დიალოგის ჩასაშლელად გამოიყენა >>
მმართველ პარტიაში ესმით, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, მარგველაშვილს დესტრუქციულ ძალასთან მოუწევს საქმის დაჭერა.
„მისი სავარაუდო პარტნიორების მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ, რომ არანაირი მოლაპარაკება არ იქნება, რაც ასევე დესტრუქციული პოზიციაა. მაგრამ თუ მარგველაშვილი პოლიტიკაში შევა კონსტრუქციული პოზიციით, ეს, რასაკვირველია, მისასალმებელი იქნება“, - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გაიხსენა მარგველაშვილის ძველი განცხადებები, როდესაც ეს უკანასკნელი ამბობდა, რომ უგულავა შეწყალებას არ იმსახურებდა.
„ჩვენ ვხედავთ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების კასკადს... როდესაც ფაქტები სხვაზე მეტყველებენ და რომელიმე პოლიტიკოსის განცხადება ფაქტებს სცდება, ეს სამწუხაროა, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პოლიტიკოსი გუნდის წევრი იყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება, თავისი მიზანი ამოძრავებდეს, პოლიტიკური ან სამომავლო პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს ადამიანს, რომელიც გუშინ გუნდის წევრი იყო და დღეს ასე აღარ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მარგველაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, პერსპექტივები - ექსპერტთა მოსაზრება
პოლიტოლოგი გიორგი ხუხაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნებამ შეიძლება შეცვალოს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება.
„მარგველაშვილის დაბრუნება მისასალმებელია. ძალიან კარგი იქნება. ის ფორმაშია, აქტიურია. მისი რეინტეგრაცია, ისევე როგორც გიორგი კვირიკაშვილისა, პოლიტიკური პროცესისთვის სასარგებლო იქნება. ამ ორი ფიგურის გამოჩენამ, მათმა გააქტიურებამ პოლიტიკურ პროცესში გარკვეულწილად შეიძლება შეცვალოს პოლიტიკური კონიუნქტურა. მოხარული ვიქნები, თუ მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება და აქტიური იქნება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
თუმცა განსხვავებული აზრისაა პეტრე მამრაძე, რომელიც ექსპრეზიდენტის დაბალ რეიტინგზე საუბრობს.
„ამ გადაწყვეტილებას ნული ქულით შევაფასებდი. პოლიტიკურ სპექტრში არაფერი შეიცვლება. მისი რეიტინგი რეალურად სტატისტიკურად ნულია, რადგან ასეთი ადამიანები მხარდაჭერით შეიძლება სარგებლობდნენ მხოლოდ ვიწრო წრეში... ის, რომ ვინმე გაძლიერდება ან დასუსტდება პოლიტიკაში მისი გამოჩენით, სრულიად გამორიცხულია“, - განაცხადა მამრაძემ „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
რაც შეეხება კვირიკაშვილს, მამრაძის აზრით, მას არ გააჩნია აუცილებელი თვისებები, რათა მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე მოახდინოს გავლენა.
„არსებითად, კვირიკაშვილი ტექნოკრატია და არა პოლიტიკოსი. ის საკმაოდ განათლებული ადამიანია, სწავლობდა დასავლეთში და ეკონომიკაც კარგად იცის. მაგრამ მისი წარმოდგენა პოლიტიკურ ფიგურად რთულია... შესაძლოა მან მაინც აწონ-დაწონოს ყველაფერი და არ დაბრუნდეს პოლიტიკაში, ის საკმაოდ ფრთხილი ადამიანია. მაგრამ თუ მაინც დაბრუნებას გადაწყვეტს, რა გამოვა ამით? პოლიტიკაში რაიმე წვლილის შესატანად საჭიროა სრულიად სხვა თვისებები“, - აღნიშნა მამრაძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ მარგველაშვილის დაბრუნება პოლიტიკაში შეიძლება ნეგატიურად აისახოს ოპოზიციის რეიტინგზე.
„ალბათ გაძლიერდება, მიემატება ერთი ადამიანი. თუმცა გაიზრდება თუ არა (ოპოზიციის) რეიტინგი, რთული სათქმელია. როდესაც პოლიტიკური ლიდერები ერთად დგებიან, ხშირად ხდება ისე, რომ რომელიღაცას ერთი მოსწონს, სხვას კი მეორე. შედეგად ისინი ხმებს კარგავენ. ამით მათ შეიძლება ერთმანეთი დაასუსტონ. არა მგონია, რომ ერთსა და იმავე ადამიანს სიმპათიები ჰქონდეს მარგველაშვილის მიმართ და „ნაციონალების“ მიმართ ერთდროულად“, - ხაზი გაუსვა საყვარელიძემ.
ამასთან, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება და მათი ერთიან კონტექსტში განხილვა არ ღირს.
„არა მგონია, ამ ორი ფიგურის მდგომარეობა ერთნაირი იყოს. პოლიტიკა არის ასპარეზი, რომელიც დროსა და ენერგიას მოითხოვს. კვირიკაშვილს აქვს კონკრეტული საქმე და მას შეიძლება არ მოუნდეს თავისი ბიზნესსაქმიანობის მიტოვება. სრულებით სხვა ვითარებაა მარგველაშვილთან. ის შედარებით თავისუფალი ადამიანია. ასე რომ, კვირიკაშვილისა და მარგველაშვილის ერთად განხილვა არასწორი იქნებოდა“, - აღნიშნა საყვარელიძემ.
რით გამოიჩინა თავი მარგველაშვილმა
გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში „41“ ნომრით მონაწილეობდა და წარმოადგენდა მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკავა. მარგველაშვილი ივანიშვილის თანამებრძოლი იყო, თუმცა მმართველ პარტიასთან მისი ურთიერთობა პრაქტიკულად მისი გაპრეზიდენტებისთანავე დაიძაბა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მარგველაშვილმა, „ქართული ოცნების“ დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, უარი განაცხადა ახალ საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადასვლაზე და დაიკავა წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებული ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია. ამას მოჰყვა პრეზიდენტის ვეტოები მმართველი პარტიისთვის მეტად მნიშვნელოვან კანონპროექტებზე, მათ შორის, განახლებული კონსტიტუციის პროექტზე და სხვ.