თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ქარიშხალმა „სიარამ“ შოტლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ზღვის იდუმალი არსების ჩონჩხი გამორიყა, წერს გაზეთი Daily Mail.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩონჩხი კვირას, 9 თებერვალს იპოვეს აბერდინშირის პლაჟზე, როდესაც რეგიონში საათში 144 კმ სიჩქარის ქარი ქროდა და გადაუღებლად წვიმდა.
Some decent ribs on that one eh Marcus!!!#Aberdeenshire #lochnessmonster
— Onfirecatering (@onfirecatering) February 11, 2020
@devonwoodsmoke @onfirecatering pic.twitter.com/BRa8jKnwUD
ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოზე ჩანს გრძელი, გველისებური ჩონჩხი რქისმაგვარი წანაზარდებით. სოციალურ ქსელებში უკვე აგორდა კამათი, თუ რა ცხოველის ნაშთი შეიძლება იყოს ეს. ზოგის აზრით, ეს ვეშაპია, ზოგი კი ირწმუნება, რომ საქმე ზვიგენის ნაირსახეობასთან გვაქვს.
საზღვაო ბიოლოგიის სპეციალისტები აღიარებენ, რომ ჯერჯერობით არ შეუძლიათ ცხოველის იდენტიფიცირება.
„სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ფოტოს მეშვეობით მარტო ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვეშაპის რომელიღაც სახეობაა. ჩვენ გვჭირდება სხვა რაკურსით გადაღებული ფოტოები, რათა ეს დავამტკიცოთ“, — განუცხადა გაზეთს აბერდინის უნივერსიტეტის სწავლულმა დევიდ ლუსომ.
გაურკვევლობამ უკვე წარმოშვა ვარაუდები, რომ ეს ლოხ-ნესის ტბის მითიური ურჩხულია, რომელიც ამ ადგილიდან 200 კილომეტრითაა დაშორებული.
პირველი წერილობითი საბუთი, სადაც ლოხ-ნესის ურჩხულია ნახსენები, ეს 565 წელს წმინდა კოლუმბას ცხოვრებაა. წმინდანის აღსასრულის თხრობისას ავტორი აღწერს „დიდსა ცხოველსა, უზარმაზარი ბაყაყის ნაირს, მაგრამ ბაყაყი არა იყო იგი“.
1933 წელს გაზეთმა „ინვერნეს კურიერმა“ პირველად გამოაქვეყნა ცოლ-ქმარ მაკკეითა მონათხრობი ნესისთან შეხვედრის თაობაზე. მას შემდეგ ის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ფენომენად იქცა მსოფლიოში. მიუხედავად უამრავი თვითმხილველისა, რომლებმაც თითქოს საკუთარი თვალით ნახეს ნესი, მისი არსებობა დოკუმენტურად არ დასტურდება.