თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ქართული ენა, პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიისა და TBC Bank-ის (თიბისი ბანკი) თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, პირველად გამოჩნდება Microsoft-ის ყველა პლატფორმაზე, იუწყება Marketer.ge.
პროექტზე მუშაობა წლინახევრის წინ დაიწყო. TBC Bank-ის კომუნიკაციების ლიდერის, ტატო ნორაკიძის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანია ქართული დამწერლობისა და ენის პოპულარიზება საერთაშორისო დონეზე, ასევე მისი სრული ინტეგრირება კომპიუტერულ აპლიკაციებსა და პროგრამებში.
ერთობლივი პროექტი ხორციელდება პროექტის #წერექართულად ფარგლებში, რომელიც უკვე ხუთი წელია, რაც მიმდინარეობს. ამ პერიოდში სპეციალისტებმა გააციფრულეს 30-მდე ქართული შრიფტი, შექმნეს ლექსიკონები და ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია.
„ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია – ქართული დამწერლობა და ქართული ენა მსოფლიოს ტექნოლოგიურ რუკაზე სრულყოფილად წარმოჩინდება. ეს უნიკალური მემკვიდრეობა – მსოფლიოს 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი – კი არ უნდა ჩაიკეტოს და ძველი სახით დარჩეს, პირიქით, უნდა განვითარდეს, ოღონდ ისე, რომ პირვანდელი სახე არ დაკარგოს", - განაცხადა ნორაკიძემ.
მისი აზრით, მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ქართულად აზროვნება შეძლოს. პროექტის პირველ ეტაპზე ქართულიდან ინგლისურად 100 ათასი წინადადება ითარგმნა. ამ ეტაპზე ნებისმიერ მსურველს, რომელმაც იცის ქართული და ინგლისური ენები, შეუძლია შევიდეს ვებ-გვერდზე kartulad.ge და სათარგმნელად ნებისმიერი წინადადება შეარჩიოს.
ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ, პირველ რიგში, ბაზის შექმნა დაეხმარება ადამიანებს Skype-ით ურთიერთობაში და გააუმჯობესებს თარგმანის ხარისხს. მომავალში ბაზა სხვა პლატფორმებსაც მოიცავს.
ტატო ნორაკიძემ ასევე ივარაუდა, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში Microsoft-ისთვის სტრატეგიული მიმართულება გახდება კავკასიაში განათლების სისტემის ხელშეწყობა. მისი თქმით, „თიბისი ბანკი" გააგრძელებს თანამშრომლობას Microsoft-თან ინოვაციურ მიმართულებებში, რათა ქართული ენა ინტეგრირებული იყოს სხვადასხვა ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებში.