თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თბილისის საკრებულოს შენობაზე ახალი სამისამართე აბრა დამონტაჟდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამისამართე აბრასთან ერთად შენობაზე განთავსდა თავად საკრებულოს შენობისა და თავისუფლების მოედნის ისტორიის შემცველი საინფორმაციო დაფა.
„დედაქალაქში სამისამართე აბრების დამონტაჟების პროცესი განახლდა. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის მიერ ყოველწლიურად დაახლოების 13 ათას მისამართზე მონტაჟდება სამისამართე აბრა. ჩვენი მიზანია, რომ დედაქალაქში არ იყოს გეოგრაფიული ობიექტი მისამართის და სამისამართე აბრის გარეშე“, – განაცხადა საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა.
მისი სიტყვებით, თბილისში სამისამართე აბრების დამონტაჟების პროცესი გაგრძელდება. აბრების დასამზადებლად თანხა დედაქალაქის ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი.