თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საკრუიზო კომპანია Princess Cruises-ი კომპენსაციას გადაუხდის ხომალდ Diamond Princess-ის ყველა მგზავრს, რომელიც ამ დროისათვის კვლავ იაპონიის პორტ იოკოჰამაშია კარანტინზე გაჩერებული, ნათქვამია კომპანიის საიტზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტებს სრულად დაუბრუნებენ მოგზაურობისა და კარანტინის პერიოდში დახარჯულ თანხებს.
გარდა ამისა, კრუიზის ღირებულების გარდა, ტურისტებს აუნაზღაურდებათ ავიაბილეთების, სასტუმროების, სახმელეთო ტრანსპორტის, ექსკურსიებისა და ა.შ. საფასური.
ამასთან, მათ არ გადაახდევინებენ არანაირ თანხას ხომალდის ბორტზე კარანტინის გამო დამატებით გატარებული დღეებისა და ამ პერიოდში გაწეული არანაირი მომსახურებებისთვის.
რაც შეეხება გემის ეკიპაჟს, მის წევრებს ასევე გადაეცემათ გასამრჯელო შესრულებული სამსახურისთვის.
კომპანიის განცხადებით, ამ ყველაფერთან ერთად, Princess Cruises-ი მგზავრებს შესთავაზებს კრედიტს ახალი კრუიზისთვის, რათა მათ 4 თებერვალს იძულებით შეწყვეტილი მოგზაურობა აინაზღაურონ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ტურისტებს სათითაოდ დაურიგებენ კაიუტებში ინსტრუქციებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გააფორმონ თანხების დაბრუნება.
სულ იაპონიის პორტში გაჩერებულ ხომალდზე დაახლოებით 3700 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფება. Diamond Princess-ზე კარანტინი 19 თებერვლამდე გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ხომალდიდან 25 იანვარს ჩასულ ჰონკონგელ მამაკაცს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.
ბოლო მონაცემებით, საკრუიზო გემზე კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 130 კაცს შეადგენს.
ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ამ დროისათვის ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 908 ადამიანს, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 40 171 კაცს შეადგენს. საავადმყოფოებიდან გაწერილია 3281 პაციენტი. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 187 500 ადამიანს, რომლებსაც ინფიცირებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.