თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ უარყო სააკაშვილთან კონფლიქტისა და პარტიის დატოვების შესახებ საზოგადოებაში მოარული ხმები.
გავრცელებული ინფორმაციით, უთანხმოების მიზეზი გახდა სააკაშვილის მიერ თბილისში პოლიტიკური შტაბის გახსნის სურვილი.
„წავედი მხოლოდ დალაი-ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან, "ნაციონალურ მოძრაობაში" ვრჩები... ყველა სისულელეს რატომ უსმენთ, რასაც მოცლილები Facebook-ში წერენ?! როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე გადავდექი თანამდებობიდან, ეს იცის ვიღაცამ და მე არა?" – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა საქართველოში საკუთარი პოლიტიკური შტაბის შექმნა, რომელიც "ოპოზიციას გააერთიანებს". მისი სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე აღნიშნული შტაბი 1 მარტიდან ამოქმედდება.
ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბი არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს.