თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. ბათუმში მეორე დღეა, ინტენსიურად თოვს, ამ დროისთვის თოვლის საფარი გარეუბნებში 30 სანტიმეტრს აღწევს, თუმცა ქალაქში პრობლემები არ შექმნილა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა გზების გაწმენდა. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დათოვლილი ხე-მცენარეების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები.
„გაიწმინდა სანაგვე ურნებთან მისასვლელი ტერიტორიები და ავტობუსის გაჩერებები. დაიწყო ხიდებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები. შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ამ დროისთვის, ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი გამტარუნარიანია“, - ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისთვის ქალაქს ელექტროენერგია და გაზი შეუფერხებლად მიეწოდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა ბათუმში დღეს საღამოს მინუს 4 გრადუსამდე დაეცემა. ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრადაა გაუარესებული, ქვეყნის უმეტეს რაიონებში თოვლი და ძლიერი ქარია.