თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. აზერბაიჯანში კვირას, 9 თებერვალს მილი მეჯლისში რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
ამომრჩევლები რეგისტრირებული 1300 დეპუტატობის კანდიდატიდან ერთპალატიანი პარლამენტის 125 წევრს აირჩევენ.
ამჟამინდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აზერბაიჯანის 5 329 460 მოქალაქეს გააჩნია.
როგორც რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაზაჰირ პანახოვმა განაცხადა, არჩევნები 5573 საარჩევნო უბანზე გაიმართება.
კენჭისყრას 77 790 ადგილობრივი და 883 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება.
ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება.
გასული წლის 2 დეკემბერს აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს პარლამენტის გაწვევის და რიგგარეშე საპარლამენტო არჩენების დანიშვნის წინადადებით მიმართა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ერთპალატიანი პარლამენტის 99-მა დეპუტატმა, ერთი იყო წინააღმდეგი და კიდევ ერთმა თავი შეიკავა.
აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 4 დეკემბერს დააკმაყოფილა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოთხოვნა პარლამენტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით.