თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის პოსტზე 15-დან ოთხი კანდიდატი შეარჩია, სიაში ყოფილი გენპროკურორი ირაკლი შოთაძეც მოხვდა, ნათქვამია საბჭოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა გენპროკურორმა შალვა თადუმაძემ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა და სისხლის სამართლის კოლეგიას ჩაუდგა სათავეში.
შოთაძის გარდა სიაში არიან ასევე ადვოკატები ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია.
პროცედურის თანახმად, 7 თებერვალს „შორტ-ლისტის“ თითოეულ კანდიდატზე ფარული კენჭისყრა შედგება. პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენენ იმ კანდიდატს, რომელიც ხმების მინიმუმ ორ მესამედს მიიღებს.
36 წლის ირაკლი შოთაძემ გენპროკურორის თანამდებობაზე სამი წელი იმუშავა – 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე.
მოძრაობების „სირცხვილიას" და „შეცვალეს" აქტივისტები პარლამენტში შეშვებას მოითხოვენ >>
შოთაძის გენპროკურორობის დროს პერიოდში უწყებაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. უწყებაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. გარდა ამისა, გაჩნდნენ სპეციალური პროკურორები ოჯახური ძალადობის საკითხებში, ასევე გაჩნდა გენპროკურატურასთან არსებული საკონსულტაციო საბჭო.
ამ პერიოდში გენერალურმა პროკურატურამ გახსნა რამდენიმე გახმაურებული საქმე, მათ შორის, სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ თაღლითობის საქმე, ჟურნალისტის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმე.
თუმცა, 2017 წლის დეკემბერში მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიება შოთაძის კარიერისთვის ფატალური აღმოჩნდა. პროკურატურამ ვერ დაამტკიცა დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალეულობა და შოთაძე საპროტესტო აქციების და საზოგადოების აღშფოთების ფონზე გადადგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოსწავლეების მკვლელობის საქმეში გარეული იყო პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომელიც თავის ნათესავს ხელს აფარებდა.
მანამდე კი შოთაძეს პრეტენზიებს უყენებდნენ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის გარემოებების გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმის და სხვა საქმეების გამო, რომლებშიც პოლიციელები ან სპეცსამსახურების თანამშრომლები ფიგურირებდნენ.