თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფთან, ღვთაების მონასტერში მოკლული 50 წლამდე მამაკაცი რუსეთის მოქალაქეა და ის მარტყოფის მამათა მონასტერში ბოლო ერთ წლის განმავლობაში ცხოვრობდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
აღნიშნული ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაუდასტურა.
ღვთაების მონასტერში მკვლელობა გუშინ, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მონასტრის სენაკში იპოვეს. მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
როგორც მონასტრის წინამძღვარმა მამა ბენიამინმა განაცხადა, მამაკაცი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მონასტერს ხშირად სტუმრობდა და რამდენიმე დღით რჩებოდა. წინამძღვრის ინფორმაციით, ის მკურნალობდა და ლოცულობდა.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული, 50 წლამდე მამაკაცი წარსულში მკვლელობისთვისაა ნასამართლევი და ფსიქიკასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. აღნიშნული პირი გაქცეულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.