თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. მაშველები მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცს მესამე დღეა ეძებენ, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა საძიებო სამუშაოები 3 თებერვალს დაიწყეს და მასში ჩართული არიან მყვინთავები, სპეცტექნიკა, ასევე კატარღა, რომელიც ფსკერს ასკანერებს.
გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცის კუთვნილი ავტომობილი ქალაქის გასასვლელში, მდინარე რიონთან არსებულ ხიდთან იპოვეს.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული არიან როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშველები, ასევე თბილისიდან განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.