თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ტარო კონომ, რომელსაც მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელი ეკავა, Twitter-ის აკაუნტზე საქართველოდან საჩუქრად გაგზავნილი ღვინის ბოთლის ფოტო გამოაქვეყნა.
ბოთლი მინანქრითაა მოჭიქული და მასზე ქართულ ჩოხაში გამოწყობილი კონოა გამოსახული.
ジョージアから誕生祝いをいただきました。
— 河野太郎 (@konotarogomame) January 30, 2020
ジョージアの「クヴェブリ」製法で作ったジョージアワインをジョージアの伝統工芸技術「ミナンカリ」で作った瓶に入れ、私がジョージアの民族衣装「チョハ」を着ています。 pic.twitter.com/pjA8A7o8pm
„საქართველოდან დაბადების დღისთვის საჩუქარი მივიღე. უძველესი ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრის ღვინო, რომლის ბოთლიც მოპირკეთებულია ტიხრული მინანქრით. ბოთლზე გამოსახული ვარ მე — ქართულ ეროვნულ ჩოხაში“, — დაწერა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ქართული ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტოკიოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, რეგულარულად ტარდება ქართული ღვინისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები — სემინარები, გამოფენები და დეგუსტაციები.
ტარო კონო იცნობს ქართულ ტრადიციებს. 2018 წლის სექტემბერში ის თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.