თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები 2020“-ის (EBD) კონკურსში თბილისი მესამე ადგილზე გავიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
რეიტინგში პირველ ადგილს საფრანგეთის ქალაქი კოლმარი იკავებს. მეორე ადგილზე კი, საბერძნეთის დედაქალაქი ათენია.
„ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის გამოსავლენად ხმის მიცემა 15 იანვარს დაიწყო. კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად შეიქმნა სპეციალური ჰეშთეგიც: #votefortbilisi.
საერთაშორისო კონკურსისთვის თბილისის სხვადასხვა უბანში რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები იყო წარდგენილი.
რეიტინგში საქართველოს შესახებ აღნიშნულია, რომ „დედაქალაქი თბილისი კულტურული, გასტრონომიული მრავალფეროვნებით, არქიტექტურის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია“.
ამასთან, პორტალი თბილისის არქიტექტურაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„შუა საუკუნეების ნაგებობები ბრწყინვალე აღმოსავლურ ნაგებობებს ერწყმის. აქ იხილავთ ნეოკლასიკას, საბჭოთა ან თანამედროვე შენობებს. თბილისი პატივს სცემს წარსულს და მიმართულია მომავლისკენ, მისი ახალგაზრდობისა და ხვალინდელი გამოწვევებისკენ“, – ვკითხულობთ თბილისის აღწერაში.
ვებპორტალი საქართველოში მოგზაურობის მსურველებს საუკეთესო პერიოდსაც ურჩევს და განმარტავენ, რომ დედაქალაქი შესანიშნავია გაზაფხულსა და ზაფხულში, როდესაც ბუნება იღვიძებს, ზამთარში კი მას ათასობით მოციმციმე ნათურა, საშობაო დეკორაციები და ბაზრობები ამშვენებს.
„საუკეთესო ადგილები ევროპაში 2020 წელს სამოგზაუროდ“ – აღნიშნულ გამოკითხვას ვებპორტალი „ევროპის საუკეთესო ადგილები“, უკვე 11 წელია, ატარებს. წელს გამოკითხვაში მონაწილეობა 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.