თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ კორონავირუსმა საქართველომდე არ მოაღწიოს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ინფექციის აღმოჩენის შემთხვევაში ხელისუფლება მზადაა პაციენტებს სწრაფი და ხარისხიანი დახმარება აღმოუჩინოს.
„მე საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს, ეპიდემიოლოგების მთელ გუნდს, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს, საგანგებო და გადაუდებელი დახმარების საკოორდინაციო ცენტრს თავდაუზოგავი და აქტიური თანამშრომლობისთვის. თქვენ იცით, რომ დღეიდან ლუგარის ლაბორატორიაში შეიძლება ვირუსის იდენტიფიცირება და დიაგნოსტირება", – განაცხადა ტიკარაძემ.
ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა ჩინეთში 24,3 ათას ადამიანს მიაღწია, 490 ადამიანი დაიღუპა. ვირუსი ჩინეთის საზღვრებს გასცდა – დაინფიცირების შემთხვევები 28 ქვეყანაში დაფიქსირდა.
ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა. საბედნიეროდ, ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.