თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად რუსეთის მოქალაქე დაიღუპა, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები კი დაშავდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჩამოწოლილი ზვავის გამო ავტომობილი, რომელშიც რუსეთის, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ხევში გადავარდა.
ქალი - რუსეთის მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხევიდან ამოყვანილია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს აღენიშნება მოტეხილობა, ხოლო მეორე, სომხეთის მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია უვნებლად. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ტრასა რუსეთში მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზაა. ამჟამად ამ გზის კობი-გუდაურის მონაკვეთი ტრეილერებისთვის დაკეტილია.