თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ორშაბათს ბიუროს სხდომაზე დაასახელა ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც იმუშავებს საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიაზე.
საგაზაფხულო სესია: საქართველოს პარლამენტი 4 თებერვალს მუშაობას იწყებს >>
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს - 4 რიცხვში გაიხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება. ოპოზიციური საპარლამენტო პარტიები პარლამენტის სხდომების ბოიკოტის გაგრძელებას აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ საგაზაფხულო სესიაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები გახდება.
„გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოლაპარაკებები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, არის მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება კერძო სექტორის განვითარებას, ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს და მათ საჭიროებებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
კერძოდ, სპიკერმა დაასახელა ისეთი საკანონმდებლო ინიციატივები, როგორიცაა კანონპროექტი აკვა-კულტურების შესახებ, აგროტურიზმი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება. თალაკვაძის თქმით, იგეგმება მუშაობა კანონზე კონკურენციის შესახებ, აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე და ა.შ.
„ვფიქრობ, რომ საგაზაფხულო სესიაზე საჭირო და ეფექტური საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას შევძლებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
გარდა ამისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საგაზაფხულო სესიაზე დეპუტატების წინაშე უკლებლივ ყველა მინისტრი „მინისტრის საათის“ ფარგლებში ანგარიშით წარდგება.
„აქ არის წარმოდგენილი 2020 წლის „მინისტრის საათის“ კალენდარი, სადაც როგორც იყო დაპირება, წარსდგებიან მინისტრები თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით. უკლებლივ ყველა მინისტრი იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. ჩვენ მოვემზადებით და, რა თქმა უნდა, ყველა კითხვა და საკითხი იქნება განხილული. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი წარსდგება პირველი პლენარულ სესიაზე, როგორც იყო შეთანხმება და დაპირება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით აქტიური სამუშაო მიმდინარეობს. თალაკვაძის თქმით, ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებთან უკვე დაგეგმილია ოთხი მაღალი დონის ვიზიტი, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე კვირიდან დაიწყება.