თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ ჩინეთიდან დროებით შეაჩერა ფრენები, ასევე ჩინეთიდან ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აეროპორტებსა და საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ყველა მოგზაური მოწმდება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.
გამყრელიძის თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ სამი ადამიანი იმყოფება. მან აღნიშნა, რომ მათგან კორონავირუსის მატარებლად არცერთი არ განიხილება.
„საქართველოში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. არის სამი ადამიანი დაკვირვების ქვეშ ინფექციურ საავადმყოფოში, სამივე გახლავთ საქართველოს მოქალაქე და სამივე გახლავთ ჩინეთიდან ჩამოსული“, - განაცხადა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.
ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 14 380 ადამიანს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ 304 კაცი შეადგინა.
გარდა ამისა, კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვი არსებობს 19 544 ადამიანის მიმართ, ხოლო კიდევ დაახლოებით 137,6 ათას კაცს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ, აკვირდებიან. 328 ადამიანი განიკურნა.