ქვემოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ:
XX საუკუნის დასაწყისში ტფილისის ერთ-ერთ სასაფლაოზე ვაჭარი ცატუროვი დაასაფლავეს, მაგრამ მისი გვამი „მიწამ არ მიიღო“.
საქმე ისაა, რომ როდესაც ვაჭრის ცხედარი სამარეში ჩაუშვეს, საფლავის ფსკერი ქვესკნელში ჩაინთქა და მიცვალებულიც თან ჩაიტანა. უცნაური დასაფლავების მოწმეებს ცარიელი სამარეღა შერჩათ ხელში. გაოცებულმა ხალხმა იფიქრა, ნამდვილად სასწაულის მომსწრენი გავხდით, ვაჭარი ცოდვილი იყო და ამიტომ გვამი მიწამ არ მიიღოო.
მაგრამ მცოდნეებმა მაშინვე მოუძებნეს ახსნა ამ უცნაურ მოვლენას: სასაფლაო, თურმე, კარსტული მღვიმის თავზე მდებარეობდა...
***
1961 წელს არგენტინაში მასპინძლებთან გამართულ საფეხბურთო მატჩში ბრწყინვალედ იასპარეზა სლავა მეტრეველმა, რომელმაც საბჭოთა ნაკრების გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
მატჩის დამთავრებისთანავე სტადიონზე ასობით გულშემატკივარი გადავიდა, მეტრეველს მიეჭრა და წითელი მაისური შემოახია – სუვენირად.
ქართველმა ფეხბურთელმა თავი ორ არგენტინელ პოლიციელს შეაფარა. წესრიგის დამცველებმა ნახევრადშიშველი თავდამსხმელი სამშვიდობოს კი გაიყვანეს, მაგრამ მეტრეველს სამახსოვროდ ტრუსი და გეტრები მოსთხოვეს – თანაც კატეგორიულად.
და გაოცებულმა ქართველმა ფორვარდმაც პოლიციელებს თხოვნა უსიტყვოდ შეუსრულა.
***
თბილისის დამაქცევარი ირანის შაჰი აღა მაჰმად ხანი ძუნწი და ანგარებიანი ადამიანი ყოფილა. ამბობენ, ერთხელ ერთ დერვიშს შეუთანხმდა, ჩემს კარისკაცებს სიმდიდრე დავტყუოთ და გავინაწილოთო. პირობისამებრ, შაჰმა, ვითომ სახელმწიფო საქმეების გასარჩევად, კარისკაცთა დარბაზი შეჰყარა. დაძონძილ-დაკონკილი დერვიშიც, ვითომ შემთხვევით, სწორედ დარბაზობისას ეახლა შაჰს. აღა მაჰმადმა საჯაროდ შეიბრალა დერვიში და სალაროდან ფულის გაცემა ბრძანა. მერე კი დამსწრეებს მიუბრუნდა, აბა, ვინ რამდენს გაიღებთ საცოდავი დერვიშისათვისო?
დაშინებულმა და მაამებლების ხროვად ქცეულმა კარისკაცებმა, ერთიმეორის ჯიბრზე უხვი საბოძვარი გაიღეს. დერვიში აუარებელი ოქრო-ვერცხლით დაიტვირთა, მაგრამ პირობა აღარ შეასრულა: ღამით ჩუმად გაიპარა და ხელმწიფე პირში ჩალაგამოვლებული დატოვა.
***
გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს მკლავჭიდელთა უძლიერესი ნაკრები ჰყავდა. ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან უამრავი ოქროსა და ვერცხლის მედალი ჩამოჰქონდათ. უფრო მეტიც, გუნდურ ჩათვლაში მკლავჭიდელთა ნაკრები ზედიზედ სამჯერ გახდა ევროპის, ორჯერ კი მსოფლიო ჩემპიონი.
მიუხედავად ამისა, სპორტსმენებს ლუკმაპურის შოვნა უჭირდათ და საკუთარი ბიზნესი წამოიწყეს.
მოხდა ისე, რომ მათი და ერთ-ერთი შეიარაღებული ფორმირების წევრების ინტერესი გადაიკვეთა. ამ უკანასკნელებმა კონკურენტებისთვის ანგარიშის გასწორება განიზრახეს და მკლავჭიდელ ლერი საღლიანსა და მის ბიზნეს-პარტნიორს ერეკლე გურჩიანს დაუხვდნენ და სასტიკად სცემეს.
უცნაური ის არის, რომ თავდამსხმელთა ჯგუფის ლიდერმა თავისი თანამებრძოლები გააფრთხილა – ისე სცემეთ, ლერის მარჯვენა არ დაუზიანოთ, რაც უნდა იყოს, მარჯვენა ხელით საქართველოს ღირსებას იცავდაო.
***
ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ ილხანელ მონღოლთა ყაენმა აბაღა ყაენმა მაცნეს ჰკითხა, სარდალი მანგუ დემური როგორ იბრძოდაო?
— ვითარცა ვერძი, — იყო პასუხი.
— ალიყანი?
— ვითარცა შევარდენი.
— ებაგანი?
— ვითარცა ვეფხვი.
— ქართველთა მეფე?
— ხოლო ქართველთა მეფე ვითა ღმერთი გრგვინავდეს და ვითა აქლემი ბუღრაობდეს...
საუბარი იყო ქართველთა მეფე დემეტრე მეორეზე, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ იგივე მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს. დემეტრეს მოკვეთილი თავი იყო მონღოლური ჯილდო ბრძოლის ველზე ქართველთა მეფის „ღმერთსავით გრგვინვისა და აქლემივით ბუღრაობისთვის“...