თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 2019 წელს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდა. ამოქმედდა საინფორმაციო კამპანია „მეტი სიცოცხლისათვის", რომლის მიზანიც სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
პარალელურად გაფართოვდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გზებზე სულ მოქმედებს 4 467 ვიდეოკამერა (2 862 – ზოგადი ხედვის, 1 605 – ნომრის ამომცნობი) და სიჩქარის კონტროლის 216 სექცია. ჯამში დაფარულია 861 კმ საგზაო მონაკვეთი.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ რეალური მონაცემების შესაგროვებლად ბორტკომპიუტერის 170 კომპლექტი შეისყიდა, რითიც ამ დროისთვის სრულად აღჭურვილია სახაზო-საპატრულო ავტომანქანები.
შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი.
საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო ე.წ. შავი წერტილების აღრიცხვა – შეიქმნა რუკა, რომელზეც დაიტანება ის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები. შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია საიტზე -https://formore.life.
ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში გასული წლის იანვარ-სექტემბერში 4,2 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც დაიღუპა 337 ადამიანი, 5,8 ათასი კი დაშავდა.