თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ" სეზონისწინა შეკრება დაასრულა, რომელიც ანტალიაში გაიმართა.
ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა სამი ამხანაგური მატჩი გამართა და სამივეში დამარცხდა.
პირველი შეხვედრა „დინამოელებმა" რუმინეთის კლუბ „ვოლუნტართან" გამართეს – 1:3. მეორე შეხვედრა ბულგარეთის „არდასთან" – 2:3, ხოლო დასკვნით ტესტ-მატჩში „დინამო“ პოლონურმა „ვისლამ" დაამარცხა - 3:2.
სეზონისწინა მეორე შეკრებას, რომელიც სტარტს 3 თებერვალს აიღებს, თბილისის „დინამო" თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ამჯერად ბელექში გამართავს. ცნობილია, რომ ქართველი ფეხბურთელების პირველი მოწინააღმდეგე სერბეთის „რადნიკი" იქნება. ტესტ-მატჩი 6 თებერვალს გაიმართება.
თბილისის „დინამო" ბოლო ოთხი სეზონის მანძილზე პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. სწორედ ეს კლუბი წარადგენს საქართველოს უეფას ჩემპიონთა ლიგაში 2020/2021 წლების სეზონზე.
რაც შეეხება ეროვნულ პირველობას, საქართველოს ჩემპიონატი სტარტს 29 თებერვალს აიღებს თბილისის „დინამოსა" და „თელავის" შეხვედრით.