თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველომ თურქეთიდან და საფრანგეთიდან თანხმობა მიიღო, რომ ქალაქ უჰანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციასაც განახორციელებენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
კორონავირუსის გავრცელების ბოლო სტატისტიკური მონაცემები დამამშვიდებელი არ არის. კორონავირუსისგან უკვე დაიღუპა 213 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვმა 9692-ს მიაღწია. მათგან 90 შემთხვევა 19 ქვეყანაში დაფიქსირდა. დაკვირვების ქვეშ იმყოფება რამდენიმე ათასი ადამიანი. ქალაქ უჰანში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.
„ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს თურქეთის და საფრანგეთის თანხმობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ რეგიონიდან საკუთარ მოქალაქეებს გაიწვევენ, ჩვენც დაგვეხმარებიან ჩვენი მოქალაქეების იქიდან გამოყვანაში. ისინი დახმარებას გაგვიწევენ იმაშიც, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გაიარონ კარანტინი", – განაცხადა ხვთისიაშვილმა.
მისი სიტყვებით, საქართველოს საელჩო ჩინეთში მუდმივ კავშირზეა უჰანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და ისინი მზად არიან გამოცხადდნენ ევაკუაციის პუნქტში. ეს არიან ადამიანები, რომლებიც საელჩოში არიან დარეგისტრირებული ან დაუკავშირდნენ საელჩოს და მიაწოდეს ინფორმაცია.
„ჩვენ მათ ვუკავშირდებით და ვაფრთხილებთ იმის შესახებ, რომ ჩინეთთან სულ უფრო მეტი ავიაკომპანია წყვეტს პირდაპირ ავიამიმოსვლას. ჩვენ გვსურს, რომ მათ ჰქონდეთ ეს ინფორმაცია და, სურვილის შემთხვევაში, დროულად დაბრუნდნენ უკან", – განაცხადა ხვთისიაშვილმა.
თურქული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელმაც ჩინეთიდან ადამიანები უნდა გამოიყვანოს, ანკარიდან უკვე გაფრინდა. ბორტზე ექიმ-ინფექციონისტების ჯგუფი იმყოფება. ქალაქ უჰანიდან ევაკუირებული ყველა პირი თურქეთში კარანტინის პირობებში გაივლის საფუძვლიან სამედიცინო შემოწმებას.
საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.