თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის აეროპორტში 30 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 508 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი" და სამი აბი „მეტადონი" ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკები თურქეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. დაკავებული, რომელიც წარსულში ნასამართლევია, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ექვსიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.