Energy week Georgia 2020-ის ორგანიზატორია საკონსულტაციო კომპანია Invest In Network. თბილისში ენერგეტიკული ფორუმი Energy week Georgia 2020 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. მასში 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს 17 ქვეყნიდან. მათ შორის საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ნორვეგიიდან, სამხრეთ კორეიდან.
ორი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრები განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებს, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებს, ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებენ სამომავლო თანამშრომლობაზე.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 10 წლის შემდეგ ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად საქართველო მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი რესურსები, რომელთა შორისაც პრიორიტეტული ჰესების მშენებლობაა. ასევე განიხილება ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე გადასვლის ტენდენციაც.