საქართველოში დანაზოგი მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს, დაზოგილი ფულის დაბანდება კი ძირითადად უძრავ ქონებაში, ძვირფას ლითონებში ან ბანკებში გახსნილ ანაბრებზე ხდება.
რა არის აქცია, ბირჟა, ბაზარი...
აქცია ფასიანი ქაღალდია. აქციების ბრუნვას – ყიდვას, გაყიდვას, გაცვლას ან დაგირავებას საფონდო ბაზარი არეგულირებს, ხოლო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას ორგანიზებას საფონდო ბირჟა უწევს.
ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა უკვე რამდენიმე საუკუნეს ითვლის. პირველი საფონდო ბირჟა ამსტერდამში 1611 წელს შეიქმნა, ხოლო თანამედროვე სახით საფონდო ბაზარმა სტარტი უკვე ნიუ-იორკში 1792 წელს აიღო.
აქციების ყიდვა კაპიტალის დაბანდების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია მთელ მსოფლიოში. აქცია მესაკუთრის წილია კომპანიაში, მისი მფლობელი – აქციონერი, რომელსაც წლის ბოლოს საწარმოს მოგებიდან გარკვეული თანხა ეკუთვნის. აქციის გამოშვება კი შეუძლია ყველა იმ იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია როგორც სააქციო საზოგადოება.
როგორც საბროკერო და აქტივების მართვის კომპანია „ველსის“ ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ განმარტა, კომპანიას ფულის მოზიდვა შეუძლია ან კრედიტის აღებით ან ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. რადგან კრედიტის აღება დამატებით ვალდებულებებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ფირმა აქციების გამოშვებას ანიჭებს უპირატესობას.
„როდესაც საწარმო მომგებიანია, მისი აქციების ფასიც მაღალია, ამიტომ ვინც ამ ფასიან ქაღალდებში ფულის დაბანდებას გადაწყვეტს, წაგებული არც ერთ შემთხვევაში არ რჩება, რადგან შეუძლია მათი როგორ გაყიდვა (გაძვირების შემთხვევაში), ასევე შენახვა და კომპანიის მიერ მიღებული წლიური დივიდენდებიდან წილის მიღება. ხოლო თუ კომპანია გაკოტრდება, მისი ქონება გაიყიდება და აქციონერებს დაურიგდებათ“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.
კომპანიას შეუძლია ასევე გამოუშვას და ბირჟაზე გაყიდოს ობლიგაციაც. მაგრამ თუ აქციების შეძენით ინვესტორს აქვს წილი კომპანიაში და უფლება – მიიღოს მოგების გარკვეული პროცენტი, ობლიგაციის შეძენისას ინვესტორი იღებს კომპანიის კრედიტორის სტატუსს.
სად და როგორ უნდა ვიყიდოთ აქცია, ანუ წილი კომპანიაში
საქართველოში, მართალია, ორი საფონდო ბირჟა და ათამდე საბროკერო კომპანიაა ლიცენზირებული, თუმცა წარმატებული ქართული კომპანიები საკუთარი აქციების განთავსებას საერთაშორისო ბირჟებზე ამჯობინებენ. მაგალითად, იგივე „საქართველოს ბანკის“, „TBC ბანკის“, „საქართველოს რკინიგზის” აქციების მნიშვნელოვანი მოცულობა ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.
„ქართულ კომპანიას ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე აქციების გატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ის საერთაშორისო აუდიტს გაივლის. ბირჟაზე დარეგისტრირების შემთხვევაში კი ფირმის აქციები უკვე მოთხოვნადი ხდება მსხვილი ინვესტორებისთვისაც. ფასიან ქაღალდებში ფულის დაბანდების მსურველი საქართველოს მოქალაქეები კი ძირითადად ცდილობენ შეიძინონ ისეთი ცნობილი კომპანიების აქციები, როგორიცაა Apple, Microsoft, amazon და ა.შ.“ – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
ანალიტიკოსის თქმით, დღეს მომგებიანია ფულის დაბანდება ახალ ფარმაცევტულ კომპანიებშიც, რადგან მათი აქციების ფასი მზარდია და შესაძლოა ინვესტორმა დიდი მოგებაც ნახოს. მაგალითად, კომპანია NVAX-ის ერთი აქცია 17 იანვარს ღირდა 4.88 აშშ დოლარი, ხოლო 21 იანვარს – 9.99 დოლარი. ანუ ამ კომპანიის აქციების ფასი 4 დღეში 100%-ზე მეტით გაიზარდა, რადგან ცნობილი გახდა, რომ ის კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობს.
„აქციებში ფულის დაბანდების მსურველი ან თვითონ ყიდულობს ბირჟაზე ფასიან ქაღალდს და თვალყურს ადევნებს ბაზარზე მიმდინარე პროცესებს, ან ურიგდება შუამავალს, რომელსაც ანდობს თავის დანაზოგს გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ. ამ შემთხვევაში მას შეუძლია მოელაპარაკოს როგორც კონკრეტულ ტრეიდერს, ასევე საბროკერო კომპანიას“, – თქვა ნიკა შენგელიამ.
ტრეიდერი – არის ადამიანი, რომელიც ბირჟაზე ვაჭრობს, ხოლო ბროკერი შუამავალია ვაჭარსა და ბირჟას შორის. ეს არის იურიდიული პირი, რომელიც აფორმებს გარიგებებს კლიენტების სახელით და ეხმარება მათ ვაჭრობაში პროგნოზებით.
ნიკა შენგელიას თქმით, თუ აქციებში ფულის დაბანდების მსურველი თვითონ გადაწყვეტს ვაჭრობას, აუცილებელია, რომ მას ამ სფეროში გარკვეული ცოდნა და გამოცდილება ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფული არამომგებიანად დააბანდოს და იზარალოს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აკრძალულია ვაჭრობა ბანკში ნასესხები ფულით.
ტრეიდერმა აქციების შესაძენად ჯერ ბირჟაზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს. ამისათვის კი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა საბანკო ანგარიში და ბროკერის დახმარებაა საჭირო.
ტრეიდერს შეუძლია შეძენილი აქციები ან უფრო მომგებიანად გაყიდოს და ფასთაშორის სხვაობაზე ნახოს მოგება, ან უბრალოდ დაელოდოს წლის ბოლოს და კუთვნილ დივიდენდს. რაც შეეხება ფასიან ქაღალდებზე ფასის ვარდნას, რაც ამ ბაზრისთვისაც არაა უცხო, ამ შემთხვევაშიც ორი გზა არსებობს: ერთი – აქციების სწრაფად გაყიდვაა, მეორე – ლოდინი – ან სიტუაციის გამოსწორების, ან კუთვნილი დივიდენდების მიღების პერსპექტივა, რომელიც აქციონერმა წლის ბოლოს აუცილებლად უნდა მიიღოს.
ნიკა შენგელიას განმარტებით, აქციებზე ფასების დაცემას ძირითადად განაპირობებს კომპანიის წლიური ან კვარტალური ანგარიშგების წარმოდგენისას ადრინდელ შედეგებთან შედარებით დაბალი მაჩვენებლების გამოქვეყნება, მთავრობის მიერ მიღებული საგადასახადო ცვლილებები, რაც პირდაპირ ან ირიბად ნეგატიურ გავლენას მოახდენს ამა თუ იმ კომპანიაზე, ასევე ქვეყანაში შექმნილი ფორსმაჟორული გარემოებები, ასევე ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებლების ან ტოპ-მენეჯერების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწყების თაობაზე, რისი ნათელი მაგალითიც იყო ლონდონის ბირჟაზე TBC Bank-ის აქციების ვარდნა მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურამ ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.
„საბოლოო ჯამში, რომელ ხერხსაც არ უნდა მიმართოს აქციებში ინვესტირების მსურველმა, ის ამ სფეროში ჩადებული ფულიდან წელიწადში პროცენტულად უფრო მეტ მოგებას მიიღებს, ვიდრე ექნებოდა თანხის საბანკო დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში. თუმცა ჩემი რჩევა იქნება, რომ მათ დასახმარებლად მიმართონ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს, რადგან მათ საქმიანობას ყოველთვის რეგულატორი აკვირდება და ამოწმებს“, – ამბობს ნიკა შენგელია.
ბანკი თუ საფონდო ბირჟა
ანალიტიკოსი ირწმუნება, რომ საბროკერო კომპანიასთან ან გამოცდილ ტრეიდერთან გარიგების შემთხვევაში აქციებით ვაჭრობის შედეგად მიღებული მოგება წელიწადში 12%-დან იწყება. ბანკი კი მეანაბრეს დოლარის დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში 4%-ს, ხოლო ლარის შემთხვევაში – 8-12%-ს უხდის.
„თუმცა, იმის გამო, რომ ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებული არ არის, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული კომპანიების მცირე ნაწილი ირჩევს „სააქციო საზოგადოებას“ იურიდიულ ფორმად, ხოლო აქციებში ფული მთელი ქვეყნის მასშტაბით 3000-მდე ადამიანს თუ ექნება ჩადებული“, – თქვა ნიკა შენგელიამ.
განვითარებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ერთი მხრივ, კომპანიებისთვის აფართოებს კაპიტალის ბაზარზე ხელმისაწვდომობას ფინანსების მიღების კუთხით, ისინი არ არიან დამოკიდებული მხოლოდ საბანკო კრედიტზე ან, რთულ სიტუაციაში ჩავარდნის შემთხვევაში, მთავრობის მხრიდან დოტაციებზე, მეორე მხრივ კი ის იძლევა შესაძლებლობას, რომ პირი თუნდაც ერთი ლარის ღირებულების აქციის შეძენით ინვესტორი გახდეს.
ანალიტიკოსის აზრით, სწორედ ამიტომ არ აწყობთ ბანკებს საქართველოში საფონდო ბაზრის განვითარება, რადგან ამით მათ, ერთი მხრივ, მეანაბრეები მოაკლდებათ, ხოლო მეორე მხრივ – კრედიტის აღების მსურველი კომპანიები, რადგან საწარმოს აქციონერისთვის დივიდენდის გადახდა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ბანკის ვალის ძირი თანხის და პროცენტის გასტუმრება.
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ბოლო მონაცემებით, საბანკო სექტორში 25 მილიარდ ლარამდე დეპოზიტებია განთავსებული.
ნატა პატარაია