დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურორის განცხადებით, საქმეში არის რამდენიმე მტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მათ შორის მოკლულის დედის, დოდო გუგეშაშვილის ამოცნობის ოქმი.

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ზაზა მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-მ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული 24 იანვარს დააკავა.

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელი დააკავეს

ბრალდებულის ადვოკატი სულხან კომახიძე ითხოვდა, რომ მურჯიკნელის მიმართ არ მომხდარიყო არანაირი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, რადგან, მისი განცხადებით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

თავად ბრალდებულის, ზაზა მურჯიკნელის განცხადებითაც, მას დანაშაულთან შეხება არ აქვს.

„ამ არსებულ დანაშაულთან მე არანაირი შემხებლობა არა მაქვს. ვიმედოვნებ, რომ ჭეშმარიტ დამნაშავეს დაადგენენ, რადგან არანაირი შეხება არა მაქვს ამ დანაშაულთან“, - განაცხადა მურჯიკნელმა.

პროკურორის ინფორმაციით კი, საქმეში არის რამდენიმე მტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მათ შორის მოკლულის დედის, დოდო გუგეშაშვილის ამოცნობის ოქმი.

„საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, როგორიცაა თავად ქალბატონ დოდო გუგეშაშვილის ამოცნობის ოქმი ფოტოსურათით, ასევე, ორი თვითმხილველი მოწმის ამოცნობის ოქმი, რომლებიც უთითებენ, რომ წარმოდგენილმა ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

დოდო გუგეშაშვილი შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის ვეტერანი და ყოფილი შეიარაღებული სამხედრო ფორმირება „მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერია. ოჯახის ახლობლები უარყოფენ, რომ შემთხვევა შეიძლება „მხედრიონის" წარსულს უკავშირდებოდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0