თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და კახაბერ ნაკანს შეხვდა, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
„დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო“, - აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. მას თბილისში 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე არეულობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ედება ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას გამოძიებისა და სასამართლო გარჩევის დასრულებამდე პატიმრობა შეუფარდა.
წინა ხელისუფლების დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი კი სასჯელს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს.
გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.
უწყების ცნობით, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე იყო მიცემული, თუმცა მან ლომჯარიასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს საღამოს მივიდნენ.
ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა ვიზიტის დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
„არ მაქვს მათგან თანხმობა, რომ საჯაროდ ვისაუბრო, ამიტომ ვიკავებ თავს“, – განუცხადა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.
მისი თქმით, სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის არსებობს კონფიდენციალურობა
„რა მნიშვნელობა აქვს, რამდენიმე ადამიანს შევხვდი, მე რომ მქონოდა სურვილი ვის ვხვდები და რატომ, ვიტყოდი. რატომ და როდის შევხვდები პატიმარს, ამას ვწყვეტ მე და ვერ ვხვდები, ეს ახსნა-განმარტება, რა საჭიროა“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.