თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. რომში მცხოვრები ლელა ტაბეშაძე სამსახურში თავს გადახდენილ სახალისო ისტორიას „ფეისბუქის“ მომხმარებლებს უზიარებს.
მისი თქმით, რომის ცენტრში, რესტორანში მუშაობს, სადაც სტუმრები თითქმის ყველა ქვეყნიდან ხვდებიან, ერთ საღამოსაც იტალიელ სტუმრებს შორის ისეთი აღმოჩნდა, რომელიც კარგად იცნობდა ქართულ სამზარეულოს და ქართველებზე იყო შეყვარებული.
„მომსახურების დროს ყური მოვკარი „ხაჭაპურს“, ცოტა გამიკვირდა, მერე ვკითხე, რა სიტყვა ახსენე-თქო „ხაჭაპური“, რატომ შენ ქართველი ხარ? გაიშიშვლა მკლავები და მაჩვენებს, ნახე რა მაწერიაო. მოკლედ, აღმოჩნდა ჩვენზე შეყვარებული ადამსი. რა თქმა უნდა, სამახსოვრო სურათის გარეშე არ გავუშვი. მსოფლიო რა პატარაა, რომ რომის 11 ათასამდე რესტორანში ასეთი მოულოდნელი შეხვედრები ხდება“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.