თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხუტელში ავტომობილი, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებოდა, ცხენისწყლის არხში გადავარდა, იუწყება პირველი არხი.
სავარაუდოდ, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, დამცავ ჯებირებს შეეჯახა და არხში ჩავარდა. წყლის დინებამ მანქანაში მსხდომები ხელოვნურ გვირაბში ჩაითრია.
სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდის ცხედარი უკვე იპოვეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.