ტრენდული ანუკი არეშიძე მოდის სამყაროს ერთ-ერთი განუმეორებელი წევრია. მას მერე, რაც ის პოდიუმს დაემშვიდობა და დიზაინერის კარიერა დაიწყო, მისი სახელი ბევრ ევროპულ ჟურნალში იკითხება. ტაბლოიდები არა მხოლოდ დიზაინერის სტილის აღწერით, არამედ ოჯახის გაშუქებითაც არიან დაინტერესებული. მისი სახლის ერთ-ერთი სტუმარი რუსული VOGUE-ც გახდა. მათ კალაძეების ოჯახი სრული შემადგენლობით შეხვდა და წყნეთის სახლის კარი გაუღო.
ანუკი არეშიძემ ახალი წლის მშვენიერი დღეები შვილებთან ერთად გაატარა. როგორც ჩანს, გადატვირთული გრაფიკი სასიამოვნო არდადეგებმა ჩაანაცვლა და დიზაინერმა შვილებთან ერთად ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გერმანიაში დაისვენა. „იყავით ბავშვებივით ლაღები, ბედნიერები, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს და ულევ სიხარულს! მრავალს დაესწარით. მიყვარხართ და დიდი მადლობა ყველას“, – ასე მიულოცა დღესასწაულები და 2020 წლის დადგომა მშვენიერმა დიზაინერმა საკუთარი გვერდის ხელმომწერებს.
დიზაინერს ახალი წლის დღეებში მეტი თავისუფალი დრო ჰქონდა, შესაბამისად, მის Instagram-ზე „სთორების“ რაოდენობამაც იმატა. ბუნებრივია, ეს მის ქართველ და უცხოელ თაყვანისმცემლებს ძალიან ახარებდათ. „სთორებს“ შორის აღმოჩნდნენ მისი უსიმპათიურესი ვაჟები. აღსანიშნავია, რომ ბიჭები საზღვარგარეთ მოევლინენ ქვეყანას. ანუკიმ და კახამ 3 ვაჟის გაჩენა იტალიაში გადაწყვიტეს, ხოლო ნიკოლას კალაძე საფრანგეთში დაიბადა.
წარმატებული ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე და თბილისის ყველაზე მოდური მერი კახი კალაძე უმცროს ვაჟს ნიკოლას ერთ წლამდე საგულდაგულოდ მალავდნენ. მათ მეოთხე ვაჟი – ნიკოლა 2018 წლის 4 სექტემბერს შეეძინათ. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერი – 7 წლის, ვაჩე კი – 5-ის. ბიჭები ერთმანეთზე ზრუნავენ და სიყვარულს არ მალავენ. კახა კალაძეს პოლიტიკური კარიერიდან გამომდინარე შვილებთან ურთიერთობისთვის ნაკლები დრო რჩება. მიუხედავად ამისა, ყველა კარგად ხედავს, რომ ოჯახი ხშირად თავს იყრის საზღვარგარეთ სხვადასხვა მდიდრულ კურორტებსა თუ ევროპის გამორჩეულ ქალაქებში.