თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საქვეყნოდ განთქმულ უპატრონო ძაღლს შავი ზღვისპირა ქალაქ ბათუმიდან თავისი ბუდრუგანა ექნება, აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებაში.
ძაღლმა, სახელად „კუპატამ“, საქვეყნოდ მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ის ბავშვების ჯგუფს ქუჩაზე გადასვლაში ეხმარება და მათ ავტომობილებისგან იცავს.
ასეთი „გმირობისთვის“ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძაღლს ბუდრუგანა დაუდგა, რომელსაც წააწერა - „ხალხის რჩეული“.
ვიდეომ კუპატას მონაწილეობით მილიონი ნახვა დააგროვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან აღტაცებულ კომენტარებს არ იშურებენ. კუპატას გმირობაზე ამერიკული ტელეარხი ABC-ც საუბრობს.