თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საქართველოს წყალბურთის მამაკაცთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბუდაპეშტში მეათე ადგილისთვის ბრძოლაში თურქეთის გუნდს ანგარიშით 12:6 მოუგო.
ქართველი წყალბურთელები ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ და არცერთი მეოთხედი არ დათმეს: 4:1, 2:2, 4:1, 2:2.
ნაკრებების წინა შეხვედრაც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით - ანგარიშით 15:10 დასრულდა.
პარასკევს, 24 იანვარს რევაზ ჩომახიძის შეგირდები რუმინეთი-გერმანიის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან და მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებენ.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე გამოსვლების სტატისტიკა უკვე გააუმჯობესა. თურქეთის ნაკრებთან მატჩის გამართვამდე ჩვენი გუნდის საუკეთესო შედეგი იყო მე-12 ადგილი 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი 26 იანვრამდე გასტანს. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია სერბეთის ნაკრები.