თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ქართველებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისაგან, ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში (Wuhan) გამგზავრებისგან, ვინაიდან ქალაქი წარმოადგენს ინფექციის კერას გავრცელებული „კორონავირუსის“ გამო.
„ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საელჩოს ინფორმაციით, ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა დაწესებული არ არის.
ამ დაავადებით დაინფიცირების შემთხვევები უკვე დადასტურდა სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაილანდში. სხვადასხვა ქვეყნის საავადმყოფოებში გაიგზავნა დირექტივები ინფექციის პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლის საკითხებზე, მთელ მსოფლიოში გაძლიერდა ჩინეთიდან ჩასული ტურისტების შემოწმება. ჩინეთში ვირუსისგან რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ტიპი სხვა ქვეყნებშიც შეიძლება გავრცელდეს.
კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.