თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური 1 მარტიდან თბილისელებს „ერთი ფანჯრის" პრინციპით მოემსახურება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
როგორც მან აღნიშნა, მისი, როგორც მერის ერთ-ერთი პირველი რეფორმა ურბანული გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია და ზონალური საბჭოს გაუქმებაა.
კალაძის სიტყვებით, ზონალური საბჭო მარტივად აფორმებდა და ლეგიტიმაციას აძლევდა იმ მშენებლობებს, რომლებიც დღემდე პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქისთვის.
მის ნაცვლად შეიქმნა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რომელიც არქიტექტურის სამსახურს გამოეყო.
„თუ დღეს მშენებლებს სხვადასხვა სამსახურებში მისვლა და საკუთარი პროექტების შეტანა უწევთ, ეს ყველაფერი უკვე მოწესრიგდება და აღნიშნული სამსახური „ერთი ფანჯრის" პრინციპით იმუშავებს. რეფორმის მეორე ეტაპი შესაძლებელს გახდის – დარეგულირდეს და გაუქმდეს პროექტის დამტკიცების ყველა დანარჩენი შემაფერხებელი ფაქტორი", – განაცხადა კალაძემ.
მერის სიტყვებით, ურბანული განვითარების სამსახური იმავე პრინციპით იმუშავებს, როგორც არქიტექტურის სამსახური და მისი მომსახურება ფასიანი იქნება.