„ალილოს“ მუსიკალური ექსპერიმენტი და კონცერტი, რომელიც ფარდის დაშვების შემდეგაც გაგრძელდა

გამოწერა
ქართულ მუსიკალურ სივრცეში, სადაც მაყურებელი ტრადიციულად დახვეწილ და მაღალ ხელოვნებას არის მიჩვეული, სცენაზე დიდხანს მხოლოდ პროფესიონალები რჩებიან ხოლმე.

ჯგუფი „ალილო" ერთი მათგანია. ის 1999 წელს ლეგენდარული „ქართული ხმების” გამორჩეულმა სოლისტმა გურამ თამაზაშვილმა შექმნა. „ალილო“ დღეს ერთ-ერთი წარმატებული მუსიკალური ჯგუფია, რომელსაც თავიდან „ზარები“ ერქვა. მოგვიანებით ქალბატონ მარიკა კვალიაშვილის მიერ შექმნილი საშობაო სიმღერის „ალილოს“ შემდეგ, უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, ანსამბლს სახელი გადაერქვა და „ალილო“ ეწოდა. სულ ახლახან ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჯგუფის ოცი წლის იუბილესადმი მიძღვნილი გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, რის შემდეგაც მან სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი მიწვევა და შემოთავაზება მიიღო.

© photo: courtesy of Alilo Groupჯგუფი "ალილო"
„ალილოს“ მუსიკალური ექსპერიმენტი და კონცერტი, რომელიც ფარდის დაშვების შემდეგაც გაგრძელდა - Sputnik საქართველო
ჯგუფი "ალილო"

წლების განმავლობაში „ალილომ“ ბევრჯერ იცვალა სახე. ძირითადი, ძველი შემადგენლობიდან დარჩენილი ჯგუფის წევრები არიან მომღერლები გია დავითიანი, ლაშა ღლონტი და მიხეილ ჭონიშვილი, შემდეგ მათ დაემატნენ არჩილ ბერიძე, ალექსანდრე კობახიძე და საბა კემულარია. ბოლო პერიოდში ჯგუფი სცენაზე ამ განახლებული შემადგენლობით გამოდის. არსებობის მანძილზე ჯგუფს არაერთი უცხო ქვეყნის სცენაზე აქვს ნამღერი. ჰოლანდია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, ყაზახეთი, უკრაინა – ეს ის ქვეყნებია, სადაც “ალილომ“ მაყურებელი პირველივე სიმღერით დაიპყრო. ანსამბლის რეპერტუარში შესულია კლასიკური ნაწარმოებები და თანამედროვე სიმღერები. ისეთი დიდი კომპოზიტორები, როგორებიც არიან მაცაცო სებისკვერაძე და მარიკა კვალიაშვილი სიმღერებს სპეციალურად „ალილოსთვის“ ქმნიან. საიუბილეო კონცერტის შემდეგ გადავწყვიტეთ ჯგუფის წევრებს გავსაუბრებოდით.

მიხეილ ჭონიშვილი – „ალილოს“ დირექტორი

- ბატონო მიხეილ, რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში „ალილომ“?

- „ალილომ“ ჩემს ცხოვრებაში ფაქტობრივად მთელი მიმართულება შეცვალა, შევიძინე ახალი სამეგობრო, ნიჭიერი შემოქმედი ხალხი. პროფესიით ინჟინერი გახლავართ, ადრე ორი წელი „გეპეის“ კაპელაში ვმღეროდი. შემდეგ ბატონმა გურამ თამაზაშვილმა მიმიყვანა „ალილოში“, სადაც ძირითადად ფოლკლორის კუთხით ვარ ჩართული. ჩვენ ვასრულებთ როგორც ქალაქურ სიმღერებს, ასევე სიმღერებს ჰამლეტ გონაშვილის რეპერტუარიდან – „დაიგვიანეს“ და „სატრფიალო“.

© photo: courtesy of Alilo Groupჯგუფი "ალილო"
„ალილოს“ მუსიკალური ექსპერიმენტი და კონცერტი, რომელიც ფარდის დაშვების შემდეგაც გაგრძელდა - Sputnik საქართველო
ჯგუფი "ალილო"

- საიუბილეო კონცერტზე „ალილომ“ გარკვეული ექსპერიმენტი შესთავაზა მსმენელს...

- შეიძლება ასეც ჩაითვალოს. კონცერტზე შევასრულეთ გურამ ბზვანელის სიმღერა, რომელსაც არანჟირება დავით მაზანაშვილმა გაუკეთა. ასეთი ჟანრის სიმღერა რეპერტუარში აქამდე არ გვქონია და მაყურებელს და ერთგულ მსმენელს ის ძალიან მოეწონა. მომავალშიც ვაპირებთ, რომ ასეთი სიახლეებით კიდევ გაგაოცოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ „ალილო“ ერთ ადგილზე არ ჩერდება და შემოქმედებითად ვითარდება.

გია დავითიანი

- ბატონო გია, თქვენთვის, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად გიცნობთ, რა შეცვალა „ალილომ“?

- ბედნიერებაა, როდესაც პატარა თაობის მომღერლები მეუბნებიან, რომ ჩემს სიმღერებზე გაიზარდნენ და მას ყოველთვის სიამოვნებით უსმენდნენ. როცა ისეთი ბიჭები, რომლებიც დღეს პოპულარულები არიან და გამოირჩევიან გადასარევი ხმის ტემბრით, პატივს გცემენ, უფრო ამაყი ხდები და ხვდები, რომ განვლილ წლებს ფუჭად არ ჩაუვლია. თურმე, ამ 60 წლის მანძილზე რა ფიქრი და ემოციაც ჩამიდია სიმღერებში, ის ახალი თაობისთვისაც მისაღები და მისაბაძი ყოფილა. მადლობელი ვარ ლაშა ღლონტის, რადგან გურამ თამაზაშვილთან ჩემი დაახლოება მისი მეშვეობით მოხდა. შემდეგ, შესაბამისად, „ზარებში“ და „ალილოში“ ჩემი მოსვლაც მისი დამსახურებაა.

ლაშა ღლონტი

- ბატონო ლაშა, თქვენი რეპერტუარის სიმღერებიდან რომელ ფრაზას შეარჩევდით ჯგუფის სლოგანად?

- ასეთი იქნება ფრაზა გურამ თამაზაშვილის საიმიჯო სიმღერიდან, რომლის ტექსტიც ჯანსუღ ჩარკვიანს ეკუთვნის: „მათქმევინე ქვეყნად სიცოცხლე ღირდა, მერე წამოვალ, წამოვალ, სადაც გინდა“. ჩვენი ყველაზე დიდი ექსპერიმენტი იყო გურამ ბზვანელის სიმღერა, რომელიც დავით მაზანაშვილის ორკესტრთან ერთად ჯაზურ ვარიანტში გავაკეთეთ და ექვს ხმაში გავშალეთ. ამ სიმღერას, რომლის სახელია „ჩემი შიში“, მანამდე მხოლოდ დუეტი ასრულებდა.

- ისე რაიმეს შიში თუ აქვს „ალილოს“?

- შიში იმის გვაქვს, რომ არ შევიცვალოთ და დავრჩეთ ისეთები, როგორიც ვართ. კიდევ ის, რომ თამასა, რაც დღეს გვიკავია, დაბლა არ დავწიოთ.

- რომელ გამოსვლას გაიმეორებდით ბისზე?

- ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა თბილისში, მამა თეოდორე გიგნაძის მრევლთან, აბსოლუტურად განსხვავებული, მშვიდი და თბილი სიტუაცია იყო, გულითადი საუბრებით. აი, ამ შეხვედრას გავიმეორებდი ბისზე. სხვათა შორის, ჩვენს კონცერტზე უჩვეულო რამ მოხდა: მაყურებელმა ფარდის დაშვება, ანუ კონცერტის დასრულება ვერ მიიღო, ეტყობა, ეგონათ, რომ კონცერტი კიდევ გაგრძელდებოდა, ანუ ამის სურვილი ჰქონდათ. ფარდა მეორედ გაგვახსნევინეს და დასასრულ ერთი სიმღერა გავიმეორეთ.

საბა კემულარია

- საბა, ის დრო, „მხოლოდ ქართულიდან“ „ალილომდე“ რას ნიშნავს თქვენთვის?

- ძალიან დამაფიქრებელი კითხვაა... ჩემთვის ეს ახალ შემოქმედებით ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. ბავშვობიდან სხვადასხვა ანსამბლებსა და სტუდიებში ვმღეროდი. ფოლკლორულ ანსამბლ „შავნაბადაში“ ახლაც ვმღერი, 2007 წლიდან ქაშვეთის ტაძარშიც ვგალობ, კაპელაშიც ვიყავი... თუმცა „ალილოში“ ჩემი მოხვედრა და ასეთ პროფესიონალებთან ერთად სცენაზე დგომა კიდევ უფრო სხვა ეტაპია. ბავშვობიდან მიყვარდა „ალილო“, რომლის სიმღერებით ვიღვიძებდი. ამიტომ ჩემთვის დიდი სიხარული იყო, როცა აჩიკო ბერიძემ დამირეკა და მითხრა, „ალილოში“ ხომ არ მოხვალო. მიუხედავად იმასა, რომ აქ მხოლოდ სამი წელი ვარ, ჩემთვის ეს დრო მართლა მნიშვნელოვანია.

არჩილ ბერიძე

- ბატონო არჩილ, ვიცი, რომ „ალილოს“ მერე თქვენი პირადი ცხოვრებაც შეიცვალა...

- დიახ, ჩემს ცხოვრებაში „ალილომ“ ფაქტობრივად ყველაფერი შეცვალა. მე ბათუმელი ვარ და 2015 წელს, როცა ბათუმში მივდიოდი, ლაშას და ბექას წყალობით აქ მოვხვდი. შემდეგ სამსახურებრივად მომიწია წასვლა კახეთში, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს მთავარ პროფესიას ჩამოვშორდი, რადგან თავიდან ბოლომდე სიმღერასა და სცენაზე ვარ გადართული.

© photo: courtesy of Alilo Groupჯგუფი "ალილო"
„ალილოს“ მუსიკალური ექსპერიმენტი და კონცერტი, რომელიც ფარდის დაშვების შემდეგაც გაგრძელდა - Sputnik საქართველო
ჯგუფი "ალილო"

ალექსანდრე კობახიძე

- ბატონო ალექსანდრე, თქვენთვის რა არის „ალილო“?

- „ალილო“ ოჯახია, სადაც ყოველდღიურად ვცხოვრობთ. აქ ყველა ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. რთული გრაფიკი გვაქვს და დასვენებას ხშირად ვერ ვახერხებთ. მე პროფესიით ეკონომისტი ვარ, მაგრამ ეკონომისტობა და ბუღალტერიის წარმოება სხვას უწევს. ჩვენი რეპერტუარიდან ყველა სიმღერა მიყვარს, განსაკუთრებით – მაცაცო სეფისკვერაძის „ვკეცე-ვკეცე“. იმედი გვაქვს, რომ ახალი ქართული სიმღერებით მომავალშიც გავახარებთ ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს. აქვე ჯგუფის წევრების სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყურადღებისა და გვერდში დგომისთვის...

 

ყველა ახალი ამბავი
0