თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უწყვეტი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით შრომის ინსპექტორების რაოდენობა 40–დან 100–მდე გაიზარდა, ნათქვამია შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში 2018 წლის 1 აგვისტოდან ამუშავდნენ შრომის ინსპექტორები, რომლებსაც ნებისმიერ ობიექტზე გაუფრთხილებლად შესვლისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით შემოწმების უფლება აქვთ.
ამას გარდა, 1 იანვრიდან ასევე ამოქმედდა შრომის უსაფრთხოების დაცვის პროგრამა. ეს პროგრამა დამსაქმებელს დაეხმარება, გააუმჯობესოს უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე, აღკვეთოს შრომის კოდექსის პირობების დარღვევა, შექმნას შრომითი ბაზრის განვითარების სტრატეგია.
ახლა ინსპექტორებს დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ ქვეყნის ყველა კომპანიის შემოწმება. აქამდე შრომის ინსპექციის მანდატი შეზღუდული იყო: კანონი მოქმედებდა მხოლოდ იმ საწარმოებზე, რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშ სამუშაოებს ასრულებენ.
უსაფრთხოება მშენებლობებზე - ძალაში ახალი წესები შევიდა>>
გარდა ამისა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დასაცავად დამსაქმებელი ვალდებულია, შრომის დაცვის სერტიფიცირებული სპეციალისტი მიიწვიოს ან დანიშნოს.
თუ კომპანიაში ოცამდე ადამიანია დასაქმებული, უსაფრთხოების სპეციალისტი კომპანიის დირექტორი შეიძლება გახდეს, მაგრამ ამისთვის მან აკრედიტებული პროგრამა უნდა გაიაროს. თუ თანამშრომლების რაოდენობა ოციდან ასამდეა, მაშინ დამსაქმებელი ვალდებულია, უსაფრთხოების მინიმუმ ერთი სპეციალისტი დანიშნოს. 100–ზე მეტი თანამშრომლის შემთხვევაში კომპანიაში მინიმუმ ორი ადამიანისგან უნდა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სამსახური.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, წელიწადნახევრის (2018 წელი და 2019 წლის იანვარ–ივნისი) განმავლობაში ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 84 და დაშავდა 270 ადამიანი.