ქართულ ჯარს ახალი ხორცის ნაცვლად გაყინულით ამარაგებდნენ – თავდაცვის უწყების სანქციები

© photo: Sputnikქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში 2020 წლიდან ქართული ჯარი უკვე უმაღლესი ხარისხის, გაუყინავი ქართული წარმოების ხორცით მარაგდება.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თავდაცვის სამინისტროს შპს „სახელმწიფო კვების კომპანიამ“ ხორცის მომწოდებელი კომპანია „ქარვა" 2019 წლის ბოლოს საქონლის გაყინული ხორცის მიწოდებისთვის დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, კომპანია „ქარვა" ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დაჯარიმდა, რომელსაც უწყებამ სხვადასხვა ობიექტიდან ამოღებული გაყინული საქონლის ხორცის ნიმუშები გაუგზავნა.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამხედრო ქალაქი აშენდება

„აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 2019 წლის 31 დეკემბრამდე თავდაცვის ძალების ხორცით მომმარაგებელი კომპანია (შპს „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა") ტენდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო ყველა შემოტანილ პარტიაზე (3-ჯერ) დაჯარიმდა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა", – აღნიშნულია განცხადებაში.

ჯარისთვის გაყინული ხორცის მიწოდებისთვის კომპანია ჯამში 124 950 ლარით დააჯარიმეს.

უწყების ინფორმაციით, ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ერთ-ერთ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებად საქართველოს თავდაცვის ძალებში კვებითი მომსახურების გაუმჯობესება იქნა დასახული.

„კერძოდ, შეიცვალა კვების რაციონი და ის უფრო მრავალფეროვანი გახდა, დაიწყო ყველა სასადილოს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით, 2020 წლიდან ქართული ჯარი უკვე მარაგდება უმაღლესი ხარისხის გაუყინავი ქართული წარმოების ხორცით", – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, გამკაცრდა საკვების პროდუქტების ხარისხის კონტროლი, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.

ყველა ახალი ამბავი
0