თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. სამი ადამიანი დაზარალდა ბათუმში, მრავალსართულიანი სახლის მე-11 სართულიდან ლიფტის ჩავარდნის შედეგად, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე მდებარე ერთ-ერთ 17-სართულიან კორპუსში მოხდა. ამჟამად იქ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ლიფტი კი არ ჩამოწყდა, არამედ ავარიულად დაეშვა, რაც დაშვებულზე მეტი წონით დატვირთვამ გამოიწვია. არც ერთი ბაგირი დაზიანებული არ არის.
მისი თქმით, იქ ძალიან ბევრი სამშენებლო მასალა ჩატვირთეს. ლიფტი სატვირთო იყო, მაგრამ სამგზავროდ გამოიყენებოდა.
„მე-11 სართულიდან ლიფტი რომ ჩამოწყდეს, იქ შეუძლებელია ვინმე გადარჩეს, რადგან სიმაღლე დაახლოებით 33-35 მეტრია. უბრალოდ გადაჭარბებული წონის გამო ლიფტმა ვეღარ შეინარჩუნა თავისი ბალანსი და ჩამოვიდა პირველ სართულზე. ეს იყო ავარიული დაშვება", – განაცხადა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა ნიკა დუმბაძემ.
ექიმების ცნობით, დაზარალებულებს სერიოზული ტრავმები არ მიუღიათ, თუმცა ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ჯერ კიდევ რჩებიან.
ბათუმში მშენებარე სახლში ლიფტის ჩავარდნის ფაქტს შრომის ინსპექცია იკვლევს>>
„შემოსვლისას მათი მდგომარეობა იყო სტრესული, ჩატარებულია საჭირო კვლევები, დაზიანებები და ტრავმები მათ არ აღენიშნებათ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ იყო სტრესული მდგომარეობა და იყო ზოგადად არაორდინარული შემთხვევა, დაკვირვების მიზნით პაციენტები რჩებიან სტაციონარში, თუმცა მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. დავაკვირდებით რაღაც პერიოდის განმავლობაში და გავუშვებთ, ალბათ, სახლში", – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მერაბ ხალვაშმა.
საცხოვრებელი კორპუსი ერთი წლის წინ აშენდა, თუმცა ჯერ მერიისთვის ჩაბარებული არ არის.