კალაძის სამი გოლი და თბილისის „დინამოს“ წარმატება ბერლინში

© photo: courtesy of Manana Toqmajishvili / FB„დინამო“ თბილისის ვეტერანები ბერლინში
„დინამო“ თბილისის ვეტერანები ბერლინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის „დინამო“ ბერლინში ლეგენდების ტურნირზე ნახევარფინალშია გავიდა, კახა კალაძის გარდა გოლები გაიტანეს ალექსანდრე იაშვილმა, ოთარ მარცვალაძემ, დავით კვირკველიამ და ლაშა სალუქვაძემ

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. ბერლინში მინი-საფეხბურთო ტრადიციულ ტურნირზე ვეტერანთა შორის AOK Traditionsmasters თბილისის „‪დინამო“ ნახევარფინალში გავიდა, იუწყება თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა თოქმაჯიშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

გუშინ „‪დინამომ“ კახა კალაძის კაპიტნობით ლევერკუზენის „ბაიერს“ ანგარიშით 4:2 მოუგო, ხოლო დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ანგარიშით 2:3 წააგო.

დღეს ქართველმა ვეტერანებმა გელზერკირხენის „შალკესთან“ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ანგარიშით 6:3 მოიგეს.

კახა კალაძემ და ალექსანდრე იაშვილმა „შალკეს“ კარი 2-2-ჯერ აიღეს, თითო გოლი კი ოთარ მარცვალაძისა და დავით კვირკველიას ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერის ანგარიშზეა უკვე სამი გატანილი გოლი.

„ძალიან საინტერესო თამაშია, შედეგითაც კმაყოფილები ვართ, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ნახევარფინალში გავედით, რაც „დინამო თბილისის“ დიდი წარმატებაა. ვეცდებით, ფინალში გავიდეთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები”, - განაცხადა კახა კალაძემ „შალკესთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თბილისის „დინამო“ ნახევარფინალში დღეს ბრემენის „ვერდერს“ შეხვდება. მომდევნო დღეებში „დინამოს“ მეტოქეები იქნებიან „ჰერტა", „იუნიონი" და „ტენის-ბორუსია".

შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებენ რვა საფეხბურთო კლუბის ვეტერანები. აქედან შვიდი გერმანული გუნდია. ქართველი ფეხბურთელები გერმანიის დედაქალაქში სპეციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით თამაშობენ.

კახა კალაძის გარდა, „დინამოს" შემადგენლობაში არიან: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და დავით კვირკველია.

სამწუხაროდ, პირველ დღეს მიღებული ტრავმის გამო ლევან კობიაშვილმა ბერლინის „ჰერტაში“ ვერ ითამაშა.

ტურნირის რეგლამენტით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო ორი გუნდი გავა. გუნდები ხუთი–ხუთზე ითამაშებენ. მატჩები ორტაიმიანია, თითო ტაიმი 10 წუთი გრძელდება.

მინი-საფეხბურთო ტურნირი ვეტერანთა შორის AOK Traditionsmasters 2010 წლიდან ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0