თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსი შენდება, საპროტესტო აქციის დროს ადგილობრივმა მოსახლეობამ ე.წ საგუშაგო მოაწყო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
10 იანვარს, ვარკეთილის ზემო პლატოზე, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორიც.
ადგილობრივი მოსახლეობა „ანას ბაღის" ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის გასაპროტესტებლად შეიკრიბა.
საპროტესტო აქციას სამშენებლო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი ბენაშვილი გამოეხმაურა. მისი აზრით, მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია, რადგან კომპანიას ყველა საბუთი წესრიგში აქვს. ბენაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ტერიტორიაზე ნაკვეთები თვითნებურად აქვთ შემოღობილი და მათი დათმობა არ სურთ.
ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს.
აქციის მონაწილეებს განმარტებით, გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიმართონ, რადგან მშენებლობის ნებართვის კანონიერად გაცემასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ.
მათი შეფასებით, გუშინ სამართალდამცველებმა უკანონოდ იმოქმედეს და სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს აქციის მონაწილეები. ადგილობრივების თქმით, მათ იმედი არ აქვთ, რომ სამშენებლო კომპანია დათმობაზე წამოვა და სწორედ ამიტომ პროცესები სასამართლოს დარბაზში გადაინაცვლებს.
„ანას ბაღის“ გადარჩენის კამპანიაში აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდა მწვანეები“.