ვანო სულორი
მაშინ წარმოდგენა არავის ჰქონდა იმაზე, რომ ამ დროს საქართველოში ცხოვრობდა კაცი, რომელმაც გააკეთა ის, რაც ჰენრი სალივანს არც დაესიზმრებოდა.
XIX საუკუნის ბოლოს ბათუმის მაშველი სადგურის მოცურავე მემედ ბედიამ ბათუმიდან ფოთამდე 53 კილომეტრი გაცურა. ის იყო პირველი მსოფლიოში, რომელმაც ასეთი დიდი დისტანცია ცურვით გადალახა.
მემედ ბედია ოაჩამჩირის მაზრის სოფელ სოფელ აძიუჟბაში დაიბადა. 1864−1867 წლებში მისი ოჯახი აჭარაში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც იმ დროს ოსმალეთის კუთვნილება გახლდათ.
ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როდესაც ბათუმის პორტში მტვირთავად, დაიწყო მუშაობა. გარდა ამისა, ნავით გადაჰყავდა მგზავრები ნაპირიდან რეიდზე მდგომ გემებზე და პირიქით.
1884 წლისათვის ბათუმის ბულვარში გაიხსნა პირველი წყალმაშველთა სადგური და მემედ ბედიამ მაშველად დაიწყო მუშაობა და თითქმის 60 წლის განმავლობაში ემსახურა ამ საქმეს.
გადმოცემის თანახმად, ამ ხნის განმავლობაში სამაგალითო მოცურავემ დაახლოებით 4016 ადამიანი გადაარჩინა ზღვაში დახრჩობას. ამისთვის მას არაერთხელ გადაეცა ოქროსა და ვერცხლის მედლები. მადლიერმა ბათუმელებმა მას მეტსახელად „ზღვის ლომი“ შეარქვეს.
სხვათა შორის მემედ ბედია იყო 1896 წლის მსოფლიო რეკორდსმენი მარათონულ ცურვაში.
მარათონული გაცურვა სრულიად სპონტანურად მოხდა. ერთ მშვენიერ დღეს, ბათუმის სანაპიროზე შეკრებილ მოქალაქეთა თვალწინ, სხვა მოცურავეებთან ერთად, მემედმაც შეცურა ზღვაში და მხოლოდ მან მიაღწია ფოთამდე. დანარჩენები მალევე ჩამოცილდნენ დისტანციას, მხოლოდ ერთმა, უკანასკნელმა კონკურენტმა მიაღწია ქობულეთამდე და იქ შეწყვიტა ასპარეზობა.
ბედიამ 32 მილის (53 კილომეტრი) გადაცურვას დაახლოებით 28 საათი მოანდომა და დაღლილ-დაქანცული ფოთის სანაპიროზე გავიდა. თავზეხელაღებული მცურავი ფოთის ქვეითი პოლკის ჯარისკაცებმა დააპურეს, გაათბეს, ტანზე ჩააცვეს და მეორე დილით ბათუმისკენ გაისტუმრეს.
ბათუმელი წყალმაშველის სახელთან მრავალი გმირობა არის დაკავშირებული. მათგან ყველაზე გახმაურებული ფაქტი მე−20 საუკუნის დასაწყისში მოხდა, როდესაც მემედ ბედიამ ირანის შაჰის ქალიშვილი გადაარჩინა დახრჩობას. მადლიერმა ირანის ხელმწიფემ პრინცესას მხსნელს დიდძალი ოქრო უფეშქაშა. ამაყმა ქართველმა ნაჩუქარი ოქრო უხვად დაარიგა — ერთი ნახევარი ქალაქის ხელმძღვანელობას გადასცა ბათუმის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად, მეორე ნახევარი კი ნათესავებს, მეგობრებსა და მეზობლებს დაურიგა.
მემედ ბედია 1953 წელს გარდაიცვალა, როცა 110 წლისა იყო! სხვათა შორის, სწორედ მისი თავგადასავალი დაედო ირაკლი კვირიკაძის ცნობილი ფილმის, „მოცურავის“ სცენარს, რომელიც 1981 წელს გადაიღეს.