თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. პოლიკლინიკებმა და ამბულატორიულმა დაწესებულებებმა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ, იუწყება პირველი არხი.
საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებებისთვის სელექტიური კონტრაქტირების პროცესი დაიწყო. სელექტიური კონტრაქტირება გულისხმობს, რომ სამედიცინო დაწესებულებებთან ხელშეკრულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.
საწყის ეტაპზე სელექტიური კონტრაქტირების პროცესი დაიწყო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
ჯანდაცვის სამინისტრო: კიბოს სკრინინგზე ხელმისაწვდომობა 2020 წლიდან იზრდება >>
სამედიცინო დაწესებულებები უნდა იყონ ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარებაზე, უნდა ატარებდნენ ლაბორატორიულ კვლევებს, ემსახურებოდნენ პაციენტებს პირველადი ჯანდაცვის სრული გუნდით - ოჯახის ექიმის და ექთნის შემადგენლობით. ისინი მუდმივად უნდა იყონ ჩართული სამედიცინო განათლების სისტემაში.
პირველადი ჯანდაცვის სერვისების წარმდგენმა კლინიკებმა მონაწილეობა პრევენციულ და სკრინინგის პროგრამებში უნდა მიიღონ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, აღნიშნული ვალდებულებები პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე განისაზღვრა.
ამასთან, ერთ ოჯახის ექიმთან მიმაგრებული პაციენტების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2500 ადამიანს. ხოლო 2020 წლის 30 აპრილისთვის სამედიცინო დაწესებულებებში რეგისტრირებული ბენეფიციარების რაოდენობა უნდა გაუტოლდეს ან აღემატებოდეს 13 ათას ადამიანს.
„ბენეფიციარების ეს რაოდენობა, არსებული დაფინანსების პირობებში, იძლევა ხარისხიანი და კომპლექსური პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდების საშუალებას. ბენეფიციართა რაოდენობასთან დაკავშირებული კრიტერიუმი, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შენარჩუნების მიზნით, არ შეეხება ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებას, რომელთა ნუსხა განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს მიერ“, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ცვლილებების შედეგად პირველადი ჯანდაცვის დონეზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება მოხდება.
2013 წლიდან, საქართველოში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (მოქალაქეების სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა) და შეღავათები მედიკამენტების შეძენაზე შეჭირვებული მოქალაქეების, პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ამჟამად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის 90%-სთვის. ამასთან, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის წყალობით, შესაძლებელი გახდა მოქალაქეების ხარჯების 25%-ით შემცირება.
საქართველოში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ექვს ჯგუფს მოიცავს: მიზნობრივი ჯგუფები (5 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეები, საშუალო შემოსავლის მქონე პირები, 70000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები, მოზარდები (6-დან 18 წლამდე) და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები.