ლელა წურწუმიას წლების მანძილზე თმა შავად აქვს შეღებილი. მისი უცვლელი გარეგნობა უამრავ ადამიანს ხიბლავს. ელეგენტური, მომხიბლავი, მუდამ შარმიანი მომღერალი თვალისმომჭრელად არა მხოლოდ სოლო-კონცერტებზე, სხვადასხვა რეიტინგულ გადაცემაშიც გამოიყურება. ბოლო დროს განსაკუთრებულად აქტუალური ლელა წურწუმიას სახალისო ვიდეოები გახდა, სადაც პოპ-დივა ანეკდოტებს ჰყვება. მისი ქარიზმატული და იუმორით სავსე ვიდეოები უპრეცედენტო რაოდენობის ნახვას აგროვებს. ერთ-ერთ ვიდეოს, რომელშიც ლელა წურწუმია ვანო ჯავახიშვილის შოუს ეწვია, 3 მილიონამდე ნახვა აქვს. მაღალი რეიტინგისა და შესაბამისი დაინტერესების გამო იუმორისტმა ვანო ჯავახიშვილმა ლელა მეორედ მიიწვია. ამჯერად ტელეწამყვანმა ცნობილ მომღერალს წლის საუკუთესო სტუმრის ჯილდო გადასცა. „ეს ჩემთვის საუკეთესო ჯილდოა“, – აღნიშნა აღფრთოვანებულმა ლელამ.
ამჯერად მან მეგობარ კესარიას რეკომენდაციით იმიჯი შეიცვალა. პოპულარულმა ფოტომოდელმა ცნობილ მომღერალს თმა წითლად შეუღება. თუმცა, კესარიას მიერ გამოქვეყნებული მეორე Instagram-ის „სთორით“ თუ ვიმსჯელებთ, ლელამ შავი თმა შეინარჩუნა და ბუნებრივი პარიკები მოირგო. აღნიშნულმა ვიდეომ უამრავი ადამიანი დააბნია. როგორც ჩანს, პოპ-დივა ჩვეულ იმიჯს ვერ ელევა.
ყველასათვის საყვარელი პოპ-დივა წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო. მომღერლის სიმღერები ახლაც ჰიტებია. მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ სხვადასხვა პოპულარული კომპოზიტორის მიერ შექმნილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები თანაბარი სიამოვნებით უსმენენ. ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს.
ლელა წურწუმია სტილს არ ღალატობს, მიუხედავად ამისა თანამედროვეობას არ უშინდება. სოციალურ ქსელებში ბევრი ეხმაურება მის ექსპერიმენტებს – როგორც ჩაცმულობა, ასევე მაკიაჟი მუდამ გამორჩეული და დახვეწილი აქვს. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად აქტუალური გახდა. აღსანიშნავია, რომ მას Instagram-ის ოფიციალური გვერდი გაუტეხეს, რის შედეგად უამრავი ფოტომასალა დაკარგა. ამ პრობლემის მიუხედავად ლელას სოციალური ქსელის დაბრუნების შემდეგ „ფოლოვერების“ რაოდენობამ იმატა და Instagram-ის ოფიციალური გვერდის ნიშანიც მიიღო. ახლა მომღერალს 149 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.