თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა ირანის ნაცვლად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„დერეფანი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გავლით გაცილებით უფრო დატვირთულია 9 იანვრის დილის საათებში, რადგან ბევრი ავიაკომპანია აღარ იყენებს ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეს", – ნათქვამია პორტალ Flightradar24-ის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუკაზე ჩანს, რომ თვითმფრინავები ევროპული მიმართულებით ფრენისას აქტიურად იყენებენ საქართველოს საჰაერო სივრცესაც.
A much busier northern corridor through Azerbaijan and Turkmenistan in the early hours of 9 January as many airlines reroute around Iraq and Iran.
— Flightradar24 (@flightradar24) 9 января 2020 г.
Track live flights in the area and see relevant notices at https://t.co/RaH0ibnYJa pic.twitter.com/t7qnI01SZb
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე დროებით უარი თქვეს საერთაშორისო კომპანიებმა: Lufthansa, Air France, Singapore Airlines, Qantas Airways და ა.შ.
რაც შეეხება საქართველოდან რეისებს, ისინი ჩვეულ რეჟიმში ხორციედება. თბილისიდან ირანში ორი ავიაკომპანია Taban Airlines და Qeshm Air დაფრინავს. Taban Airlines-ი რეისებს კვირაში ოთხჯერ, Qeshm Air-ი კი ყოველდღიურად ახორციელებს.
ოთხშაბათს, 8 იანვარს იმამ ჰომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" ლაინერი Boeing 737 ჩამოვარდა. ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა. საუბედუროდ, ავიაკატასტროფას ყველა მათგანი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაღუპულთა შესახებ შემდეგ ინფორმაციას ფლობს: დაღუპულთა შორის 82 ირანელი, 63 კანადელი, 11 უკრაინელი (მათ შორის, ეკიპაჟის 9 წევრი), 10 შვედი, 4 ავღანელი და 3-3 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.