თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაგმო ირანის შეტევა ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე და მოუწოდა თეირანს, თავი შეიკავოს შემდგომი ძალადობისგან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა საკუთარ Twitter-აკაუნტზე დაწერა.
„ვგმობ ირანის სარაკეტო შეტევას აშშ-ისა და კოალიციის ძალებზე ერაყში. ნატო მოუწოდებს ირანს, თავი შეიკავოს შემდგომი ძალადობისგან“, – ნათქვამია სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის პოსტში.
ირანის ქმედება ასევე დაგმო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც და ამ ნაბიჯს „უგუნური და სახიფათო“ უწოდა.
„ჩვენ ვგმობთ ერაყის სამხედრო ბაზებზე თავდასხმას, სადაც კოალიციის სამხედრო მოსამსახურეები არიან განთავსებული. ირანმა არ უნდა გაიმეოროს ასეთი უგუნური და სახიფათო თავდასხმები. მან ვითარების დეესკალაციისკენ უნდა იჩქაროს“, — განაცხადა ჯონსონმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ბრიტანეთი ირანს „ტომაჰავკის“ ტიპის სარაკეტო იერიშით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ვითარება კიდევ მეტად გამწვავდებოდა.
აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში შიიტური დაჯგუფება „ქათაიბ ჰესბოლას“ ობიექტებს შეუტია. პენტაგონში განმარტეს, რომ ეს იყო პასუხი დაჯგუფების თავდასხმაზე ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე, რა დროსაც დაიღუპა ამერიკის ერთი მოქალაქე და ასევე დაიჭრა ოთხი სამხედრო. ამის შემდეგ უკმაყოფილო შიიტებმა ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს, რის პასუხადაც შეერთებულმა შტატებმა ირანელ გენერალ სულეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა, რომელსაც ანტიამერიკული აქციების ორგანიზატორად მიიჩნევდა. თეირანმა პირობა დადო, რომ აუცილებლად იძიებდა შურს გენერლის მკვლელობისთვის, რისთვისაც 13 სცენარი ჰქონდა შემუშავებული.
8 იანვრის ღამით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიების ოპერაციას იწყებდა და ერაყში, ერბილეში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას შეუტია „ხმელეთი-ხმელეთის“ კლასის რაკეტებით.
ირანული ტელეარხი Press TV საკუთარ Twitter-ზე წერს, რომ შეტევის შედეგად 80 ადამიანია დაღუპული, რის პასუხადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ყველაფერი რიგზეა“ და ამერიკელთა შორის მსხვერპლი არ არის.
ამასთან, ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ ამერიკულ ბაზებზე შეტევას „შეერთებული შტატებისთვის ალიყური“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკულმა არმიამ რეგიონი უნდა დატოვოს.
ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ჰათამიმ არ გამორიცხა დამატებითი ზომების გატარება აშშ-ის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ თეირანის ნაბიჯები ვაშინგტონის ქმედებების პროპორციული იქნება.