ვითარება ზამთრის კურორტებზე – ბოლო ცნობები

გამოწერა
საქართველოს ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტების წყალმომარაგების პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, ამბობს წყალმომარაგების კომპანია.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ზამთრის კურორტ გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა სრულად აღმოიფხვრა, ბაკურიანში კი რამდენიმე ადგილზე კვლავ ელოდებიან წყლის მიწოდების აღდგენას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა 31 დეკემბრის ღამით, ბაკურიანში კი 1 იანვრის ღამით გაჩნდა.

გუდაურში რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ტარდებოდა, რის შედეგადაც აღნიშნული პრობლემა გადაიჭრა.

რაც შეეხება ბაკურიანს, აქ წყალმომარაგება ჯერ კიდევ სრულად არ აღმდგარა, კვლავ რჩება რამდენიმე სასტუმრო და რესტორანი, რომლებიც უწყლობის გამო სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ და ყოველდღიურად კარგავენ დამსვენებლებს.

გუდაური - Sputnik საქართველო
გუდაურში წყალმომარაგების ალტერნატიული ქსელის მშენებლობა იგეგმება

„საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის" ახალი ხელმძღვანელის გრიგოლ მანდარიას თქმით, ბაკურიანში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური სამუშაოები.

მანდარიას ვარაუდით, მალე მოხერხდება იმ სასტუმროების წყლით უზრუნველყოფაც, რომლებიც უფრო პრობლემურ ადგილებში მდებარეობენ.

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად ვვარაუდობთ, რომ მალე შევძლებთ რეზერვუარში სრული დატვირთვით წყლის დამატებითი მარაგის მიღებასა და ბაკურიანის პრობლემური ადგილების წყლით უზრუნველყოფას. ამ დროისათვის წყლის დამატებითი დებიტი მოძიებულია, მიყვანილია რეზერვუარამდე და მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები. თუ მაგისტრალზე რაიმე სახის დაზიანება არ მოხდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არ გვაქვს", – განაცხადა მანდარიამ.

მისი სიტყვებით, ბაკურიანის 85%-ს წყალი სტაბილურად მიეწოდება, პრობლემა აქვს სამ მსხვილ ობიექტს – "მგზავრებს" "პანორამას" და"რუმსს". შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა აღნიშნულ სასტუმროებს წყლის მიწოდება დღესვე აღუდგეთ.

რაც შეეხება გუდაურს, მანდარიას სიტყვებით, „რედკოს“ კომპლექსის წყალმომარაგება გადაჭრილია და წყალი მოსახლეობას სტაბილურად მიეწოდება.

"მიუხედავად ამისა, დღეს მობილიზებული იქნება 25-კაციანი ჯგუფი, ვაპირებთ სარეზერვო ხაზის მშენებლობას, რათა დამსვენებლების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში პრობლემა არ შეიქმნას და შევძლოთ მთლიანი გუდაურის უწყვეტი წყლის მიწოდებით უზრუნველყოფა", – განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.

ყველა ახალი ამბავი
0