ბაკურიანსა და გუდაურს ტურისტები ტოვებენ - კურორტებზე კვლავ არ არის წყალი

გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს ორი ზამთრის კურორტი - გუდაური და ბაკურიანი საახალწლოდ უწყლოდ დარჩა. ტურისტული სფეროს წარმომადგენლები სეზონის ჩავარდნაზე ალაპარაკდნენ

თბილისი, 5 იანვარი - Sputnik. გუდაურსა და ბაკურიანში ისევ წყლის მიწოდების პრობლემა შეიქმნა, ადგილობრივი ოტელიერები ტურისტული სეზონის ჩავარდნაზე ალაპარაკდნენ.

წყალმომარაგების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ოტელიერების განცხადებით, კურორტი უკვე უამრავმა ტურისტმა დატოვა.

გაერთიანებული წყალმომარაგების დირექტორის მოადგილის ზაზა სიხარულიძის განაცხადებით, წყლის მიწოდების აღდგენამდე „რედკოს“ კორპუსებისთვის წყალი ცისტერნებით მიუტანეს.

„რედკოს დასახლებისთვის“ წყლის მიწოდებაზე პრობლემა გუშინ საღამოს შეიქმნა. ამ წუთში „რედკოს“ კორპუსებს წყალი არ მიეწოდებათ, თუმცა ჩვენ სასწრაფოდ ცისტერნებით უზრუნველვყავით წყლის მიტანა. რვიდან ხუთ კორპუსს გააჩნია ავზები და ამ ავზებს ახლა ვავსებთ ცისტერნებით მიტანილი წყლით. ვაგროვებთ წყალს, რათა პრობლემის მოგვარებამდე კორპუსებში წყლის მიწოდება უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ზაზა სიხარულიძემ პირველი არხის ეთერში.

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
დამსვენებლები მასობრივად ტოვებენ სასტუმროებს: რა ხდება გუდაურსა და ბაკურიანში

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს წყლის მილის გასუფთავების სამუშაოები.

„შეფერხება გამოიწვია მაგისტრალის დაზიანებამ, რომლითაც ახალ გუდაურს წყალს ვაწვდიდით. ეს ახალი დაზიანებაა, რომელიც უკვე აღმოჩენილია. 200 მილიმეტრიანი პოლიეთილენის მილი გადახსნილია და ახლა მიმდინარეობს გასუფთავება, შემდეგ კი დავიწყებთ აღდგენას. რამდენიმე საათში მოვრჩებით დაზიანების შეკეთებას, შემდეგ რამდენიმე საათი დასჭირდება სისტემას წყლის შესავსებად და ველოდებით, რომ საღამოდან წყალმომარაგებას გავაუმჯობესებთ“, – განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების დირექტორის მოადგილემ.

კომპანია „რედკოს“ დირექტორის მოადგილე, მალხაზ კუნელაური აცხადებს, რომ კომპლექსი ტურისტებმა დატოვეს და ის არ არის დარწმუნებული, რომ წყლის მიწოდება აღდგება.

„უამრავი ტურისტი წავიდა, სეზონი ჩავარდა. ის ფული, რომელიც უნდა დახარჯულიყო ქვეყანაში, აღარ დაიხარჯა. ის იმიჯიც, რომელიც შევქმენით ტურისტებისთვის, გახდა სავალალო, თავი რომ დავანებოთ ბიზნესი რამხელა ზარალს იღებს ამ სიტუაციიდან. ამიტომ, ამაზე უნდა იქნეს პასუხი გაცემული, უნდა იქნეს შესწავლილი, ამდენი ხნის განმავლობაში ამდენი დაზიანება როგორ აღმოჩნდა ქსელზე... როდესაც ტუალეტს ვერ გამოიყენებ და წყალს ვერ გადაივლებ ამდენი ხანი იქ ყოველგვარი ახსნა ზედმეტია. ახლაც გვპირდებიან, რომ დღის განმავლობაში აღდგება წყლის მიწოდება, მაგრამ არ ვართ დარწმუნებულები, რომ ასე იქნება“, – განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.

მესტიაში 2021 წლისთვის კანალიზაციას გაიყვანენ >>

საქართველოს ორი ზამთრის კურორტი - გუდაური და ბაკურიანი საახალწლოდ უწყლოდ დარჩა. შაბათს წყლის მიწოდება აღდგა, მაგრამ დღეს დამსვენებლები იგივე პრობლემას გადააწყდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0