თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 87 წლის იუბილესთან დაკავშირებით მილოცვებს იღებს, მათ შორის საქართველოს პირველი პირებისგან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ილია მეორე დღეს 87 წლის გახდა. სრულიად საქართველოს მომავალი პატრიარქი, ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში ვლადიკავკაზში დაიბადა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იუბილის აღსანიშნავ მიღებაზე ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა. პრეზიდენტის თქმით, ბევრი ისურვებდა ამ ღონისძიებაზე ყოფნას და დიდი სიხარულის გაზიარებას.
„თქვენ ხართ ჩვენი სულიერი მამა და ამით იმსახურებთ მთელი ქვეყნის სიყვარულს. მაქვს ძალიან დიდი ბედნიერება და პატივი, რომ შემიძლია გამოვხატო თქვენ მიმართ ეს სიყვარული, პატივი და მადლიერება. გილოცავთ დაბადების დღეს, მრავალჟამიერ, ძალიან დიდხანს იყავით ჩვენი ქვეყნის სულიერ სათავეში“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს! თქვენ მთელი სიცოცხლე მიუძღვენით ღვთისმსახურებას, სამშობლოს და ხალხს, რწმენის აღდგენას და გაძლიერებას, სულიერი ტაძრის მშენებლობას, რომელიც გვაერთიანებს. თქვენი მოღვაწეობა ძლიერი მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის!“, – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.
პატრიარქს ასევე დაბადების დღეს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
„უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია. მთელი მისი მოღვაწეობა არის განსახიერება სიდარბაისლისა და სიბრძნის, სამშობლოს სიყვარულის, სიკეთის, სულგრძელობისა და მიმტევებლობის. ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა გახარიამ.
პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ილია მეორეს მეუღლესთან, ეკა ხვედელიძესთან ერთად ესტუმრა.
„დღეს პატრიარქთან მოსული იყო ბიძინა ივანიშვილი დაბადების დღის მისალოცად, ასევე ირაკლი ღარიბაშვილი. საღამოს, მოგვიანებით ველოდებით სხვა სტუმრებსაც. დღეს იყვნენ მისი ნათლულები და იყვნენ ასევე თბილისის ზღვაზე მდებარე ლომისის მონასტრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, რომლებიც, იცით თქვენ, რომ აბორტს გადარჩენილი ბავშვების თავშესაფარია იქ და ისინი უშუალოდ პატრიარქის მზრუნველობის ქვეშ არიან“, – განაცხადა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
ილია მეორის დროს 1980-იან საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება მოხდა. ბოლო ათწლეულებში საქართველოში ეპარქიების რიცხვი 42-მდე გაიზარდა. 1977 წელს საქართველოში იყო 48 მოქმედი ტაძარი, ახლა კი მათი რაოდენობა 1000-ს აღწევს.
ილია მეორის პატრიარქობის დროს გაიხსნა ახალი სასულიერო სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის თბილისის და გელათის სასულიერო აკადემიები. თბილისში კი აიგო საქართველოს უდიდესი ტაძარი - სამება.