თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. მადრიდში საქართველოს ორი მოქალაქე ესპანელმა სამართალდამცველებმა სახლის ქურდობის მცდელობის დროს დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საქართველოს მოქალაქეებმა საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ახალი წლის დღესასწაულების დროს სცადეს. თუმცა მეზობლებმა სახლიდან გამომავალი ხმები გაიგეს. რადგან მათ იცოდნენ, რომ სახლში არავინ არ უნდა ყოფილიყო, პოლიცია გამოიძახეს.
სამართალდამცველებმა საქართველოს ერთი მოქალაქე ადგილზევე დააკავეს. მეორემ კი გაქცევა სცადა. ის მეოთხე სართულიდან ზეწრების საშუალებით გადმოხტომას ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხა, ჩავარდა და ფეხი მოიტეხა. რის შემდეგაც ის სახლთან დააკავეს.
დაშავებული საქართველოს მოქალაქე სამედიცინო ცენტრში პოლიციის თანხლებით გადაიყვანეს.
დაკავების შემდეგ ჩატარებული ჩხრეკის დროს პოლიციამ სპეციალური მოწყობილობები ამოიღო, რომლის საშუალებითაც მათ კარის საკეტი მარტივად გახსნეს.