თბილისი, 1დეკემბერი — Sputnik. 2020 წლის 1 იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური შემოწმება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო ხდება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, იმ ავტომობილების მფლობელები, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ თხევადი აირის აირბალონი და სისტემა, 2020 წლის 1 იანვრიდან ვალდებული იქნებიან ტექდათვალიერების გავლამდე შეამოწმონ თხევადი აირის აირბალონი და შესაბამისი სისტემა და ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი აიღონ.
უწყების ცნობით, ინსპექტირების სერტიფიკატის უქონლობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.
ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობა პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ხუთ წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა – სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება.
შემოწმების გავლის პროცედურის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება.
თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემების ინსპექტირებას ახორციელებენ ინსპექტირების ორგანოები, რომლებსაც სახელმწიფო აკრედიტაცია აქვთ გავლილი.
ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო 2019 წლის 1 იანვრიდან გახდა. მანამდე ტექდათვალიერება ეტაპობრივად ხორციელდებოდა. 2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის. 1 ივლისიდან სავალდებულო შემოწმებას დაექვემდებარა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. 1 ოქტომბრიდან კი სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას დაექვემდებარა ძრავის დიდი მოცულობის (3,0 და მეტი) მქონე ავტომობილები.
ტექდათვალიერების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის 100 ლარია.
ნორმების შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში მძღოლს კონკრეტული ხარვეზის აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა ეძლევა. ტექდათვალიერების ხელახლა გავლა უფასოა, რა დროსაც მხოლოდ იმ კომპონენტის შემოწმება ხორციელდება, რომელიც არ შეესაბამებოდა ნორმას.
დადგენილ ვადაში ტექდათვალიერების გაუვლელობის შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარია, იურიდიული პირისთვის კი 200 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტექნიკური ინსპექტირებისგან თავის არიდების შემთხვევაში მძღოლები ყოველ 30 დღეში ჯარიმდებიან.