თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ ახალი წელი ისეთი იქნება, როგორც შეხვდები. ეს ეხება სახლის დეკორს, მაგიდის სერვირებას, საახალწლო მენიუს.
საახალწლო საღამოს დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ვისი წელი მოდის. 2020 წელი – თეთრი ლითონის ვირთხის წელია.
ეს ნიშანი იწყებს ჩინური ჰოროსკოპის 12-წლიან ციკლს და სწორედ ამიტომ ვირთხა მიჩნეულია მნიშვნელოვან ნიშნად აბსოლუტურად ყველა – როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური კალენდრისთვის.
როგორც ასტროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ, პირველივე დღიდან ჩვენ გლობალურ ცვლილებებს შევამჩნევთ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე გარემოცვაში. წლის ახალი დიასახლისის სტიქია და ფერი ხომ კარდინალურად განსხვავდება წინა წლების ნიშნებისგან.
სხვათა შორის, ასტროლოგები გვირჩევენ გარკვეული ფერის სამოსის შერჩევას იმისდა მიხედვით, რაზე ოცნებობთ დამდეგ წელიწადში. მაგრამ ამ დროსაც არ უნდა დაივიწყოთ ვირთხის სურვილები. მაგალითად, თუ შემოსავლის ზრდას ელოდებით, აირჩიეთ თეთრი სამოსი. თუ თქვენთვის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, არჩევანი ღია ნაცრისფერ ტანსაცმელზე შეაჩერეთ. მთავარია – არანაირი „მტაცებლური“ გამოსახულებები. ვირთხა ამას არ დაგიფასებთ.
საახალწლო მორთულობისთვის შეარჩიეთ კაბა, რომელიც გამოკვეთს სილუეტს. შეიძლება იყოს ღრმა დეკოლტეთი ან მოშიშვლებული მხრებით.
ფერები, როგორც წესი, ნათელი უნდა იყოს, თუმცა კლასიკაც არავის გაუუქმებია. ამიტომ, თუ შავი ფერი გიყვართ, მისი გამოყენებაც შეგიძლიათ. რაც შეეხება ნაჭერს, აბრეშუმის გარდა, ახალი წლის ღამეს მოუხდება ხავერდი. დღეს მოდის მიმდევარი ქართველი ქალბატონები სულ უფრო ხშირად ცდილობენ სამოსის თავად შეკერვას ან ბებიის გარდერობის გაცოცხლებას. ვირთხას ასეთი მიდგომა მოეწონება.
საზეიმო იერის მნიშვნელოვანი ნაწილია მაკიაჟი. 2020 წელს მოუხდება ბრწყინვალება, ოქროსფერი გამა, ლითონის ყველა ელფერი.
გახსოვდეთ – წლის საყვარელი ფერია თეთრი. ამიტომ შეეცადეთ მორთულობაში თეთრი ფერი ჩართოთ.
ახლა წლის მატერიალურ ასპექტებზე: ვირთხა ხელმომჭირნეა. მას არ უყვარს იაფფასიანი ნივთები და ფულის უყაირათოდ ფლანგვა. ის არის პრაგმატული ცხოველი და თავისი თავის ფასი იცის.
რა ჯობს მოამზადოთ საახალწლო სუფრისთვის?
ვირთხას ძალიან უყვარს ფაფები. ამიტომ ეცადეთ საახალწლო მენიუში იყოს მარცვლეულისგან მომზადებული თუნდაც ერთი კერძი. თუ ვირთხისგან განსხვავებით ფაფები არ გიყვართ, სუფრაზე დადგით ხორბლით სავსე ღრმა თასი.
მოამზადეთ ასევე თევზის კერძი. ლითონის ვირთხა თევზზე უარს არ იტყვის.
მას განსაკუთრებით უყვარს ტკბილეული. არ დაგავიწყდეთ სუფრაზე ჩურჩხელის, ტკბილეულისა და თხილის მიტანა – ვირთხა კმაყოფილი დარჩება.
სწორედაც რომ წლევანდელი წლისთვის ზედგამოჭრილი იქნება გოზინაყი. შეეცადეთ მაგიდაზე ბევრი ხილი დააწყოთ.
და, ბოლოს, არ დაინანოთ ყველი. მით უმეტეს, რომ ქართული სამზარეულო მდიდარია ყველეულით და მისგან მომზადებული კერძებით – მრავალნაირი ხაჭაპურით, ელარჯით და სხვ.
მაგიდის სერვირებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მსუბუქ კერძებს – სალათებს, ბუტერბროდებს.
გაითვალისწინეთ, რომ ვირთხა მოძრავი ცხოველია და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. ამიტომ მოერიდეთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს. მიირთვით მეტი ბოსტნეული და ხილი.
თეთრი ვირთხის წელიწადს მოუხდება ტრადიციული ქართული საახალწლო ჩიჩილაკი. გარდა იმისა, რომ ჩიჩილაკი 2020 წელს ფერით უხდება, ის მუხის ტოტისგან მზადდება და ზომითაც ერთ მეტრს არ აღემატება. ამიტომ ვირთხას მოეწონება.
გახსოვდეთ, მთავარი დამდეგ ახალ წელს არის კარგი ხასიათი და გულწრფელი ღიმილი. ამის დანახვაზე ვირთხა გვერდს არ აგივლით და თქვენს წელს ყველა თვალსაზრისით წარმატებულს გახდის.